თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ეკონომიკური ხასიათის საქართველოს სამთავრობო პროგრამები ერთიანდებიან ერთ პროგრამაში სახელწოდებით "აწარმოე საქართველოში — სწრაფი განვითარებისთვის", იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
ერთიანდება პროექტები "აწარმოე საქართველოში", "ერთიანი აგროპროექტი", მიკრო და მინი გრანტები, "სტარტაპ საქართველო" და სხვები. აღნიშნული პროექტები ადგილობრივი წარმოების განვითარების სტიმულირებას ემსახურებოდა და მცირე და საშუალო მეწარმეებს იაფი ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფდა. ყველა პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.
მეწარმეობის მხარდაჭერის სხვა სახელმწიფოს მიერ ინიცირებულმა პროგრამებმა თავისი რეალიზაციის პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულეს — ადგილობრივი კონკურენტუნარიანი პროდუქციის შესაქმნელად დახმარება გაწეულია. შემდეგ ეტაპზე, რომელიც ყველა აღნიშნული პროგრამის გაერთიანებით დაიწყება, იგეგმება პროექტების ინფრასტრუქტურული შემადგენლის გაუმჯობესება, ტექნიკური დახმარების გაძლიერება და სესხების გაცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გვახარიამ.
"ეკონომიკური ხასიათის ყველა სამთავრობო პროექტის ერთიან სტრუქტურაში გაერთიანება გამიზნულია ადგილობრივი წარმოების ამაღლებაზე, რაც, თავის მხრივ, საქართველოდან უკეთესი ხარისხის პროდუქციის ექსპორტირების საშუალებას მოგვცემს", — განაცხადა მინისტრმა.
ახალი პლატფორმის პრეზენტაციას ხუთშაბათს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ესწრებოდა.
„პირადად ვარ და ვიქნები ჩართული იმ ინიციატივის გაძლიერებაში, რომელიც ეროვნულ წარმოებას შეუწყობს ხელს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საზოგადოებაში არსებულ ინიციატივას, რომელიც სწორედ ქართული პროდუქციის შეძენაზეა ორიენტირებული", — განაცხადა პრეზიდენტმა.
იმ გამოწვევებზე პასუხი, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას არის დასაქმების გაზრდაში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში, დარწმუნებულია მარგველაშვილი.
გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა ადგილობრივ მეწარმეთა მხარდამჭერ აქციას შეუერთდნენ.
აქციის „იყიდე ქართული“ ფარგლებში გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ საახალწლოდ ოჯახისთვის ავლაბრის ბაზარში და სასურსათო მაღაზიაში ქართული წარმოების პროდუქტები შეიძინეს. მათ ასევე საბურთალოს რაიონში მდებარე მაღაზიაში ქუთაისის ფაბრიკაში შეკერილი სამოსი შეიძინეს.