ნატა პატარაია
სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის ტრანზიტის საფასურის ფულადი სახით ანაზღაურების შემთხვევაში საქართველო ბევრს არაფერს კარგავს, მიაჩნია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსს ანდრია გვიდიანს.
„რასაკვირველია, ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურის ნედლეულით მიღება ყველაზე მომგებიანი პირობაა, რომელიც ზოგადად ბუნებაში არსებობს, თუმცა, პრაქტიკულად, ყველა სატრანზიტო ქვეყანა გაზის ტრანზიტის საფასურს უკვე ფულით იღებს. ამიტომ ეს შეთანხმება ის გადაწყვეტილება იყო, რომლის მიღებაც საქართველოს ადრე თუ გვიან მოუწევდა“, — აღნიშნა ანალიტიკოსმა.
საქართველო აქამდე ტრანზიტის საფასურის სახით რუსეთიდან სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის 10%-ს იღებდა, „გაზპრომი" კი ანაზღაურებას ფულით მოითხოვდა და არა ბუნებრივი აირის სახით.
ამ დღეებში „გაზპრომ–ექსპორტთან" მიღწეული შეთანხმების თანახმად, საქართველო დათანხმდა ტრანზიტის საფასურის ფულადი სახით მიღებას, სამაგიეროდ, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი მას ბუნებრივი აირის ათას კუბურ მეტრს არა 215, არამედ 185 აშშ დოლარად მიჰყიდის.
ანდრია გვიდიანი რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით არ ელოდება და მიაჩნია, რომ ეს ჩვეულებრივი შეთანხმებაა, რომელიც დღევანდელი რეალობიდან გამომდინარეობს და იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა.
„რადგან „გაზპრომთან“ მიღწეულ შეთანხმებას ეკონომიკური შემადგენლის გარდა პოლიტიკური მხარეც ჰქონდა, უნდა მოძებნილიყო ის ოქროს შუალედი, რომელიც ყველაფერს დააბალანსებდა. უარესი იქნებოდა, თუ საქართველო ვერ მიიღებდა დამატებით ბუნებრივ აირს რუსეთიდან ან სომხეთს გაზის გარეშე დატოვებდა“, — აღნიშნა ანალიტიკოსმა.
„გაზპრომთან" ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.
რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ირწმუნება, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის.
ხელშეკრულება ორწლიანია, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანგარიშსწორება, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
საქართველო რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვებს 2007 წლიდან აღარ ახორციელებს. ბუნებრივი აირის ძირითადი იმპორტიორი აზერბაიჯანია, რომელიც 2016 წლის მარტის დასაწყისში მოწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდაზე დათანხმდა.