ნიკო კვარაცხელია: სათავგადასავლო ტურიზმს საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს

© Sputnik / Anna Yarovikovaტურისტები ძველ თბილისში
ტურისტები ძველ თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ჩამოსული ახალგაზრდებისთვის ყველაზე მიმზიდველი სათავგადასავლო ტურიზმია, განაცხადა ექსპერტმა ტურიზმის საკითხებში ნიკო კვარაცხელიამ.

ნატა პატარაია 

სამთო—სათავგადასავლო ტურიზმს საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ მდგომარეობა ამ მიმართულებით არც ისე სახარბიელოა, ამბობს ექსპერტი ტურიზმის საკითხებში.

„ამ ტიპის ტურიზმს, ერთი შეხედვით, ინფრასტრუქტურა თითქოსდა არ სჭირდება – მოიკიდე ზურგჩანთა და იმოგზაურე, მაგრამ სინამდვილეში აუცილებელია მარშრუტებზე საპიკნიკე და დასაბანაკებელი ადგილების და სველი წერტილების არსებობა, თუნდაც იმავე საპირფარეშოთი და ნაგავსაყრელით“, – აღნიშნა ნიკო კვარაცხელიამ. 

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისი მსოფლიოს განვითარებადი მიმართულებების ტოპ-ათეულშია

ექსპერტი განმარტავს, რომ ტურიზმის ინფრასტრუქტურა ორგვარია — ძირითადი და სპეციალური. ძირითადში იგულისხმება წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, გზები, ელექტრო- და გაზმომარაგება, ხოლო სპეციალურ ინფრასტრუქტურულ ობიექტებად სასტუმროები, რესტორნები და გასართობი ადგილები ითვლება.  

„გამოიკვეთა სეგმენტი და ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში სულ უფრო მეტი ზურგჩანთამოკიდებული ახალგაზრდა ჩამოდის. მართალია, ისინი ყიდულობენ ხაჭაპურს, მინერალურ წყალს ან ლიმონათს, რომელიც საკმაოდ იაფია, მაგრამ მათ ასევე უნდა დახვდეთ ის, რაც მათთვის აუცილებელია“, — აღნიშნა ნიკო კვარაცხელიამ. 

სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას საქართველოში უფრო მეტი რაოდენობით ველოტრასების და გასართობი ატრაქციონების აშენება სჭირდება, ასევე პერსპექტიულია დაივინგი, ჯომარდობა, პარაშუტიდან და ხიდიდან გადმოხტომა. მაგალითად, იმავე ეროვნულ პარკში მისულ ახალგაზრდას არაჩვეულებრივ ბუნებასთან ერთად თუნდაც საბაგირო უნდა დახვდეს, „რომელზეც სავარძელიცაა ჩამოკიდული“. 

შშმ პირები - Sputnik საქართველო
ბათუმში ინკლუზიური ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს
 

გარდა ამისა, ერთ-ერთი პრობლემა საქართველოში ახალგაზრდა ტურისტებისთვის იაფი ღამის გასათევი ადგილების ნაკლებობაა. ბევრ ქვეყანაში ძალიან პოპულარულია ახალგაზრდული ტურბაზები, სადაც ღამის გათევა ძალიან იაფი ჯდება — საუზმის ჩათვლით 30 დოლარს არ აღემატება. 

„რა თქმა უნდა, ეს ობიექტები სახელმწიფომ არ უნდა ააშენოს, მაგრამ უნდა შეუწყოს ხელი ბიზნესს და წაახალისოს. თუ სახელმწიფო, მაგალითად, მისასვლელ გზას გაიყვანს, მერე კერძო სექტორიც დაინტერესდება და ამოქმედდება“, — განაცხადა ექსპერტმა.

პოპულარულმა ჟურნალმა Vogue-მა 2017 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სია გამოაქვეყნა, რომლის ტოპ-ათეულში საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0