თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ტურისტული პორტალის TripAdvisor ვერსიით, თბილისმა საუკეთესო განვითარებადი მიმართულებების რეიტინგში მსოფლიოს ათ ქალაქს შორის მეცხრე ადგილი დაიკავა.
რეიტინგის ლიდერია სან ხოსე დელ კაბო (მექსიკა). მას მოსდევს უისტლერი (ბრიტანეთის კოლუმბია), ჟერიკოაკოარა (ბრაზილია), კიჰეი (ჰავაი), ბაქო (აზერბაიჯანი).
ათეულში შევიდნენ ასევე ელ-ნიდო (ფილიპინები), ეილათი (ისრაელი), ლას პალმას დე გრან კანარია (ესპანეთი), თბილისი და ჯოდჰპური (ინდოეთი).
რეიტინგი შედგენილია მილიონი ტურისტის მოსაზრების საფუძველზე, რომლებიც პორტალზე მოგზაურობის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებს ტოვებენ.
კომპანია ითვალისწინებს TripAdvisor-ის მომხმარებელთა დადებით გამოხმაურებებს თითოეული მიმართულების სასტუმროებზე, რესტორნებზე და გართობაზე. ასევე ყურადღება ექცევა დაჯავშნული სასტუმროებისა და ავიაბილეთების რაოდენობას.
TripAdvisor უფასო ონლაინ-გზამკვლევი და საძიებო სისტემაა, რომელიც კლიენტებს ტურისტული მიმართულებების შესახებ და მომავალი დასვენების დაგეგმვისას ინფორმაციის შეკრებაში ეხმარება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტების მოზიდვის მიზნით წლის დასაწყისიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სარეკლამო კამპანიას აწარმოებს. წლის დასაწყისიდან საქართველოს შესახებ მომზადდა დაახლოებით 600 სტატია, ბლოგი, გადაცემა, სიუჟეტი და დოკუმენტური ფილმი.
საქართველოში ზამთრის ტურისტული სეზონის დაწყებამდე ინტერნეტ-მარკეტინგული კამპანია მსოფლიოს 12 ქვეყანაში ჩატარდა.