2016 წელს საქართველოს რუსეთის მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა ეწვია

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს, პირველად, რუსეთიდან მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია.

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. 2016 წელს საქართველოს 1 037 564 რუსეთის მოქალაქე ეწვია, რაც გასული წლის მონაცემებს 12%-ით აღემატება, განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ პრესკონფერენციაზე.

საქართველოში 2016 წელს სულ 6 350 825 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც 2015 წლის მონაცემებს 7,6%-ით აღემატება. გასულ წელს 19%-ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი, რომლებმაც საქართველოში 24 საათზე მეტი დრო გაატარეს (2 714 773 ადამიანი).

მოთხილამურეები კურორტ თეთნულდში - Sputnik საქართველო
ჟურნალმა „ვოგმა“ საქართველო უმთავრეს ტურისტულ მიმართულებად დაასახელა

ქვეყნების ხუთეული, რომელთა მოქალაქეები საქართველოს გასულ წელს ესტუმრნენ, ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი — 1 523 075 ადამიანი, რაც 2015 წელთან შედარებით 9,3%-ით მეტია; სომხეთი — 1 496 246 ადამიანი (+1,9%); თურქეთი — 1 254 089 ადამიანი (–9,9%); რუსეთი — 1 037 564 ადამიანი (+12%) და უკრაინა — 172 631 (+21,8%).

„აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან ჩამოსულ საერთაშორისო ვიზიტორთა რიცხვმა მილიონს პირველად გადააჭარბა. შენარჩუნებულია ასევე პოზიტიური ტენდენცია ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. 2016 წელს გამოირჩეოდნენ ლატვია (2015 წელთან შედარებით 24%-ით მეტი), ლიტვა (+16%), ჩეხეთი (+15%), ბულგარეთი (+12%) და გერმანია (+11%)“, — განაცხადა ჩოგოვაძემ.

ვიზიტორთა განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ირანიდან (+48%), ინდოეთიდან (+199%), საუდის არაბეთიდან (+116%), ფილიპინებიდან (+89%), ომანიდან (+75%) და ჩინეთიდან (+46%), დაამატა ჩოგოვაძემ.

ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
რუსი ტურისტების ვიზიტი საქართველოში 2016 წელს 18%-ით გაიზარდა

გასულ წელს ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი — 2016 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, უცხოური ტურიზმით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა დაახლოებით 1,7 მლრდ აშშ დოლარი, რაც 11,7%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„2016 წლის 11 თვის მონაცემების თანახმად, საერთაშორისო ვიზიტორებმა უცხოური ბარათების მეშვეობით 1 479 633 ლარის ოდენობის ოპერაცია განახორციელეს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაფიქსირდა ზრდა 10,1%“, — აღნიშნა ჩოგოვაძემ.

საერთო ჯამში, 2016 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა ორ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა.

ყველა ახალი ამბავი
0