ელენა რუბინშტეინი და არჩილ გურიელი-ჭყონია: ლეგენდა მარადიულ სიყვარულზე

© წიგნიდან "Русский след Коко Шанель"ელენა რუბინშტეინი და არჩილ ჭყონია
ელენა რუბინშტეინი და არჩილ ჭყონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
იგორ ობოლენსკი მსოფლიოს უზარმაზარი კოსმეტიკური იმპერიის დამაარსებლისა და ქართველების რძლის, ელენა რუბინშტეინისა და არჩილ გურიელი-ჭყონიას სიყვარულის შესახებ გიამბობთ „Sputnik-საქართველოს“ რუბრიკაში „სიყვარულის ისტორიები: ტფილისიდან თბილისამდე“.

პირველი ნაწილი „ელენა რუბინშტეინი: ფერუმარილის დედოფლის ქართული სიყვარული“ იხილეთ აქ.

ქორწილის შემდეგ ელენა რუბინშტეინმა და მისმა დიდგვაროვანმა მეუღლემ ელენას კუთვნილ პარიზულ აპარტამენტებში დაიწყეს ცხოვრება, რომელიც წმინდა ლუდოვიკოს კუნძულზე მდებარეობდა.

უზარმაზარი სახლის სასტუმრო დარბაზებში, რომლებიც ლუდოვიკო XIV-ისა და ლუდოვიკო XV-ის ეპოქის ავეჯით იყო გაწყობილი, ქალაქის ნაღები საზოგადოება იკრიბებოდა.

ელენა საქმეებით იყო დაკავებული: მისი ფირმა ნაოჭების საწინააღმდეგო ახალი საცხის გამოშვებას იწყებდა, რომელსაც საუკეთესო რეკლამას თავად ქალბატონი რუბინშტეინი უწევდა: ასაკთან შედარებით ის გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.

© წიგნიდან "Русский след Коко Шанель"ელენა რუბინშტეინი, ასაკთან შედარებით, გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა
ელენა რუბინშტეინი, ასაკთან შედარებით, გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა  - Sputnik საქართველო
ელენა რუბინშტეინი, ასაკთან შედარებით, გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა

თავადი გურიელი-ჭყონია კი ამ დროს ათასგვარ საღამოსა და წვეულებას მართავდა — რაღა თქმა უნდა, ქართული შემართებითა და სტუმართმოყვარეობით.

ქართველი თავადი ბოჰემურ პარიზს იპყრობდა, მაგრამ ელენას ეს არ აღელვებდა. ხმაურიანი წვეულებების დროს მას ან ეძინა, ან საერთოდაც უარს ამბობდა მავან სტუმრებთან ურთიერთობაზე. ერთ-ერთ საღამოზე კი თვით მარსელ პრუსტსაც კი არ დაელაპარაკა. ამ უკანასკნელმა რუბინშტეინს ჰკითხა, საერთოდ, ჰერცოგინიებისთვის რომელი კოსმეტიკა სჯობსო, მაგრამ ელენამ პასუხის ღირსიც არ გახადა. მოგვიანებით კი თავი იმართლა: პირველი, რომ ნაფტალინის სუნი ასდიოდა და მეორეც, რა ვიცოდი, რომ ასეთი ცნობილი გახდებოდაო?

© წიგნიდან "Русский след Коко Шанель"არჩილ გურიელი-ჭყონია
არჩილ გურიელი-ჭყონია - Sputnik საქართველო
არჩილ გურიელი-ჭყონია

არჩილ გურილი-ჭყონიამ ელენა რუბინშტეინს პარიზში მცხოვრები არისტოკრატიული საზოგადოების კარი გაუხსნა და მათ სამყაროს აზიარა. თავადმა მეუღლეს რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ბიძაშვილი, პრინცესა მარია პავლოვნაც კი გააცნო. მოგვიანებით, როდესაც ელენა თავისი სახელოვანი კლიენტების ჩამოთვლას იწყებდა, უპირველესად სწორედ რუს პრინცესას ასახელებდა.

რუსეთის მეფის გვირგვინი, სკიპტრა და „დერჟავა“ (დამზადებულია 1627-1628 წლებში). - Sputnik საქართველო
ქართველი თავადი, რომელმაც იმპერიის საგანძური გადაარჩინა

გარდა ამისა, ოჯახის მეგობრები გახდნენ რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ადიუტანტი თავადი გიორგი ერისთავი და მისი მეუღლე მერი შარვაშიძე — დედოფალ ალექსანდრას ფრეილინა, რომელიც პარიზში კოკო შანელის მოდელი გახდა. ისინი ელენას რევოლუციამდელი პეტერბურგის სამეფო კარის ცხოვრებასა და ყოფას აცნობდნენ, უყვებოდნენ, სინამდვილეში როგორები იყვნენ რუსი მონარქები. 

რუბინშტეინი ბედნიერი იყო. ასეთ მაღალ, აქამდე მისთვის მიუწვდომელ საზოგადოებაში მოხვედრით, მონარქებთან დაახლოებულ პირებთან მეგობრობით, ის თავს სამყაროს მწვერვალზე გრძნობდა. უმთვარესი მთავარი კი მაინცის იყო, რომ რჩეულთა წრეში ელენა არა ფულის, არამედ სიყვარულის წყალობით მოხვდა.

© წიგნიდან "Русский след Коко Шанель"ელენა რუბინშტეინი და არჩილ ჭყონია ბრიჯის თამაშისას
ელენა რუბინშტეინი და არჩილ ჭყონია ბრიჯის თამაშისას - Sputnik საქართველო
ელენა რუბინშტეინი და არჩილ ჭყონია ბრიჯის თამაშისას

მალე პარიზი ელენა რუბინშტეინისთვის მოსაწყენი გახდა. ეს ქალაქი უკვე დაპყრობილი ჰქონდა. ყველაზე მოდურ, ფობურ-სანტ-ონორეს ქუჩაზე მთელი დატვირთვით მუშაობდა უზარმაზარი სალონი, რომელსაც მარიამ ჭყონიას სიძე და ელენას ერთ-ერთი და მართავდნენ. და ქალბატონმა გურიელი-ჭყონიამ მზერა ამერიკას მიაპყრო, რომლისთვისაც ახალგაზრდა ქმარი უნდა წარედგინა.

დადგა ამერიკის მაღალი საზოგადოების დაპყრობის ჟამიც. მეუღლის „საპრემიერო ჩვენებამ“ წარმატებით ჩაიარა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ამერიკულ პრესაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ ელენა რუბინშტეინის მეორე ნახევრის ტიტულის ნამდვილობას. მაგრამ ელენა საგაზეთო პუბლიკაციებზე კი არ ბრაზობდა, არამედ მანჰეტენზე მდებარე ბინის მეპატრონეებზე, რომლებმაც მას საცხოვრებლის მიყიდვაზე უარი იმის გამო უთხრეს, რომ ებრაელი იყო.

ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანელი - Sputnik საქართველო
ამბავი ნიკო ბურისა, ანუ როგორ იქცა ბრწყინვალე თავადი პაპიროსის გამყიდვლად

პრობლემის გადაჭრის გზა არჩილ გურიელმა უკარნახა:

„თუ ბინა ასე ძალიან მოგწონს, ავდგეთ და მთელი სახლი ვიყიდოთ!“

და ქალბატონი რუბინშტეინი-გურიელისაც მოიხიბლა ესოდენ მასშტაბური მიდგომით.

სანამ წყვილი თაფლობის თვის აღსანიშნავი მოგზაურობით ტკბებოდა ლათინურ და სამხრეთ ამერიკაში, ელენამ მოასწრო და სახლები შეიძინა ბუენოს-აირესში, რიო-დე-ჟანეიროსა და პანამაში. ნიუ-იორკში დაბრუნებულმა კი გახსნა „გურიელის სახლი“, ანუ  მსოფლიოში პირველი მამაკაცების მოდის სახლი, რომლის ოფიციალურ ხელმძღვანელად არჩილ გურიელი-ჭყონია დანიშნა. მაგრამ რეალურად ყველა გადაწყვეტილებას ელენა ღებულობდა — რესტორნისთვის ხელსახოცების ყიდვის ჩათვლით.

თავადი ცოლს არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდა. მით უმეტეს, რომ ბიზნესისთვის სულაც არ ეცალა. არჩილი ხშირად დაფრინავდა ლოს-ანჯელესში, სადაც ჰოლივუდის არაერთ ულამაზეს ვარსკვლავთან მოესწრო დამეგობრება. მათ შორის იყო ჯანეტ მაკდონალდი — დრამებისა და მუსიკალური ფილმების ნიჭიერი მსახიობი, რომლის მაგალითზეც იქმნებოდა საბჭოთა კინოვარსკვლავის, ლუბოვ ორლოვას სახე…

© წიგნიდან "Русский след Коко Шанель"სიცოცხლის ბოლოს რუბინშტეინი იტყვის, რომ არჩილ გურიელი-ჭყონიასთან ქორწინება იდეალური კავშირი იყო
სიცოცხლის ბოლოს რუბინშტეინი იტყვის, რომ არჩილ გურიელი-ჭყონიასთან ქორწინება იდეალური კავშირი იყო - Sputnik საქართველო
სიცოცხლის ბოლოს რუბინშტეინი იტყვის, რომ არჩილ გურიელი-ჭყონიასთან ქორწინება იდეალური კავშირი იყო

არჩილი ხშირად უგზავნიდა ამანათებს საქართველოში მცხოვრებ ნათესავებს. საჩუქრებით დატვირთული ჩემოდნები თბილისში ჰუმანიტარული დახმარების სახით ჩამოდიოდა. რას აღარ ნახავდით მათში: აბრეშუმის ღამის პერანგებს, სმოკინგებს, საჯირითო კოსტიუმებს… ყველაფერ ამას ან ბაზარში პროდუქტებზე ცვლიდნენ, ან მოდურ სამოსად აკეთებდნენ. 

ნიუ-იორკში არჩილი და ელენა პარკ ავენიუზე მდებარე 26 ოთახიან აპარტამენტებში ცხოვრობდნენ, სადაც ქართველი თავადის ინიციატივით, ხშირად ეწყობოდა წვეულებები. „რუბინშტეინ ჰილტონად“ წოდებულ სახლში იმდენად რჩეული საზოგადოება იკრიბებოდა, რომ მეორე დღეს სტუმრების სია გაზეთებში ქვეყნდებოდა — მაღალი წრის ახალი ამბების რუბრიკაში.

ლილია ზელენსკაია - Sputnik საქართველო
ამბავი კოკო შანელის ორი დიდებული ქართველი მოდელისა — დედისა და ქალიშვილისა

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დამტკბარიყვნენ რუბინშტეინის კოლექციის მშვენებებით: დეგას, რენუარის, მოდილიანის, პიკასოს, ტულუზ-ლოტრეკის ტილოებით, ამის შემდეგ დაეგემოვნებინათ კოქტეილები ფრანგულ სამხატვრო ოთახში, ესადილათ „ოცნებების ოთახში“, ბოლოს კი ნარდის ან ბრიჯის თამაშით შეექციათ თავი. 

საძინებელი ოთახის სანახავად კი, სადაც ფლუორისცენტული ლამპებით განათებული უზარმაზარი საწოლი იდგა, მხოლოდ რჩეულები დაიშვებოდნენ. 

არჩილისა და ელენას ხშირი სტუმარი გახლდათ სალვადორ დალი, რომელმაც მათი პორტრეტებიც დახატა. სახელოვანი ესპანელი და ქართველი თავადი ახლო მეგობრები იყვნენ, რამაც იხსნა კიდეც წლების შემდეგ სალვადორ დალის სახლში შეპარული ორი ქურდი. მაშინ მხატვარმა პოლიციაში მხოლოდ იმიტომ არ დარეკა, რომ მძარცველები ეროვნებით ქართველები აღმოჩნდნენ.

ის კი არა, ეროვნება რომ უთქვამთ, სალვადორ დალის სახე გაბადრვია და ისეთ ჩინებულ ხასიათზე დამდგარა, რომ მის გასაქურდად მისულები სუფრასთან მიუწვევია და უამბია, რა შესანიშნავ დროს ატარებდა ნიუ-იორკში არჩილ გურიელი-ჭყონიას კომპანიაში. 

სიცოცხლის ბოლოს რუბინშტეინი იტყვის, რომ არჩილ გურიელი-ჭყონიასთან ქორწინება იდეალური კავშირი იყო. თუმცა რეალურად ცოლიცა და ქმარიც საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. საერთო მხოლოდ ბრიჯის თამაშისადმი ვნება ჰქონდათ. ელენას იმდენად უყვარდა ეს თამაში, რომ შეეძლო დადგენილი რეჟიმი დაერღვია და 10 საათზე დასაძინებლად არ წასულიყო.

ძველი თბილისი, აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
ამბავი სამი ტფილისელი დისა, ირანის პრემიერისა, დიდი მხატვრისა და ჰიდროტექნიკოსისა

თუმცა, რომელ საათზეც უნდა დაეძინა, მაინც დილის 6 საათზე იღვიძებდა და უთენია უკვე პირველ შეხვედრებს მართავდა — პირდაპირ საძინებელში. ამ დროს კი არჩილს ტკბილად ეძინა მეზობელ ოთახში.

თავადი არჩილი ჯანმრთელობას არასდროს უჩიოდა. ამიტომაც მეუღლის გულის შეტევით გარდაცვალებამ (1956 წელს) ელენა, როგორც იტყვიან, დაზაფრა. ქალი თავის ოთახში შეიკეტა და რამდენიმე დღე არ გამოსულა. მერე კი ანდერძში პირველ პუნქტად დაიბარა, არჩილის გვერდით დამკრძალეთო.

ელენა რუბინშტეინმა 94 წელი იცოცხლა. ცხოვრების ბოლო წლებში ის საოცრად გაძუნწდა, რითაც, უბრალოდ, აოგნებდა ახლობლებს. ათობით მილიონი დოლარის მფლობელი ქალი პირადად აკონტროლებდა, რომ ოფისსა თუ სახლში შუქი ტყუილუბრალოდ არ ყოფილიყო ანთებული. უხაროდა, რომ პარიზში მის მეზობლად პრემიერ-მინისტრი პომპიდუ დასახლდა, რადგან… დილით რუბინშტეინი ტაქსის იმ დროისთვის იძახებდა, როდესაც პომპიდუს პირადი მანქანა აკითხავდა. ელენა პრემიერ-მინისტრის კორტეჟს აედევნებოდა — რომელიც შუქნიშნებზე არ ჩერდებოდა — და ამგვარად რამდენიმე ფრანკით ნაკლებს იხდიდა.

ელენა რუბინშტეინი სიკვდილის წუთამდე უნაკლოდ გამოიყურებოდა. ურყევად სწამდა ერთი რამ:

„როგორც უნდა უკანკალებდეს ქალს ხელები, მაკიაჟის გასაკეთებლად ის ყოველთვის იპოვის ძალებს“.

1965 წლის 30 მარტს ელენა სამსახურში წავიდა. მოულოდნელად თავი შეუძლოდ იგრძნო და ექიმი გამოაძახებინა. ექიმმა კატეგორიულად მოითხოვა მისი საავადმყოფოში გადაყვანა… ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც რუბინშტეინმა უფლება მისცა ვიღაცას, მის მაგივრად მიეღო გადაწყვეტილება. იმავე ღამეს გარდაიცვალა…

სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე კი ელენა რუბინშტეინი მოსკოვს ესტუმრა. გამოფენაზე, სადაც ის საკუთარი ფირმის პროდუქციას პირადად წარადგენდა, ხანშიშესული ქალბატონი მიუახლოვდა და არჩილ ჭყონიას ნათესავად გაეცნო.

და ელენას სახეზე კვლავ გამოანათა ღიმილმა — იმისმა მსგავსმა, როგორითაც ბევრი წლის წინ გაიღიმა, როდესაც თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულს შეხვდა…

ყველა ახალი ამბავი
0