თბილისი, 30 დეკემბერი— Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მოქმედებების საპასუხოდ მოსკოვი არავის გააძევებს, თუმცა რუსულ მხარეს ადეკვატური რეაქციისათვის ყველა საფუძველი გააჩნია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „РИА Новости“ კრემლის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.
ხუთშაბათს ვაშინგტონმა „არჩევნებში ჩარევისა“ და „ამერიკელ დიპლომატებზე ზეწოლის გამო “სანქციები დააწესა 9 რუსული უწყების მიმართ, მათ შორის უშიშროების ფედერალური სამსახურისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიმართ. ასევე, შეერთებულმა შტატებმა ორი საცხოვრებელი კომპლექსი დახურა, რომელიც რუსეთის დიპლომატიურ საკუთრებას წარმოადგენს და აშშ–ში მოღვაწე 35 რუსი დიპლომატი გამოცხადდა „პერსონა ნონ გრატა“.
„ჩვენ ვიტოვებთ საპასუხო ზომების მიღების უფლებას, თუმცა „სამზარეულო“, უპასუხისმგებლო დიპლომატიის დონეზე არ დავეშვებით და რუსულ–ამერიკული ურთიერთობების აღდგენაზე მიმართულ შემდგომ ნაბიჯებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გატარებული პოლიტიკიდან გამომდინარე გადავდგამთ“, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაში.
პუტინმა აღნიშნა, რომ არსებული საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, რუსულ მხარეს ადეკვატური პასუხის გასაცემად ყველა საფუძველი გააჩნია.
„ამერიკელი დიპლომატებისთვის პრობლემებს არ შევქმნით. ქვეყნიდან არავის არ გავაძევებთ. მათ ოჯახებსა და შვილებს დღესასწაულებზე მათთვის ჩვეულ ადგილებში დასვენებას არ ავუკრძალავთ. მეტიც, რუსეთში აკრედიტებული დიპლომატების ყველა ბავშვს კრემლში, საახალწლო და საშობაო ნაძვის ხეზე ვეპატიჟები“, – ნათქვამია განცხადებაში.
პუტინმა დასძინა, რომ სამშობლოში დაბრუნებული რუსი დიპლომატები საახალწლო არდადეგებს ახლობლების წრეში, სახლში გაატარებენ.
ახალი სანქციები მას მერე დაწესდა, რაც ოქტომბერში აშშ–ის სადაზვერვო საზოგადოების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის საარჩევნო სისტემებთან მიმართებით განხორციელებული კიბერშეტევების უკან რუსი ჰაკერები იდგნენ. მოგვიანებით ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ საინფორმაციო საშუალებების საშუალებით რუსეთს, დონალდ ტრამპის დახმარების მიზნით, დემოკრატიული პარტიის პარტიული სერვერების გატეხაში დასრო ბრალი. მოსკოვში ეს ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს.