თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება სირიას 100 ათასი დოლარის ოდენობით ფინანსურ დახმარებას გაუწევს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ოთხშაბათს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მანამდე განაცხადა, რომ საქართველო გაეროს მისიის მხარდაჭერის ფარგლებში სირიაში ბავშვებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას გეგმავს.
„პრემიერმა მზადყოფნა გამოთქვა, დაეხმაროს იმ ბავშვებს, რომლებიც განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები გაეროსთან, თუ როგორ შეიძლებოდა ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. საბოლოო ჯამში გადაწყდა, რომ ჩვენ გაეროს სპეციალური ფონდის მეშვეობით მათ გავუწევთ ფინანსურ დახმარებას 100 ათასი დოლარის ფარგლებში“, — განაცხადა ჯანელიძემ ბრიფინგზე.
მან განმარტა, რომ დახმარებას საგარეო საქმეთა სამინისტრო მთავრობის დავალებით განახორციელებს.