თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველო სირიის მოქალაქეებისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო ქაცარავამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო სირიაში ბავშვებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას გაეროს მისიის დახმარებით გეგმავს.
„საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი და ჩვენ ამ პროცესში გაეროსა და სხვა ორგანიზაციებთან მიერთებული ვართ ყველა რეზოლუციას. ახლაც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს მხრიდან ალეპოში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით“, — განაცხადა ქაცარავამ პლენარულ სხდომაზე.
საქართველო გმობს ყველანაირ ძალადობას და სოლიდარობას და თანაგრძნობას უცხადებს სირიელ ხალხს, ხაზგასმით აღნიშნა მან.
„დღეს არცერთ ქვეყანას, მიუხედავად განვითარებისა და სიძლიერისა, ამ პრობლემასთან მარტო გამკლავება არ შეუძლია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქართველმა მოსახლეობამ თავის თავზე არ გამოსცადოს ტერორიზმის სისასტიკე“, — განაცხადა სოფო ქაცარავამ.
სირიის სამთავრობო ჯარებმა ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილის ბოევიკებისგან განთავისუფლების ოპერაცია დაასრულეს. ოპერაციის შედეგად ბოევიკებმა ყველა მათ მიერ კონტროლირებადი კვარტალი დატოვეს.