თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველო სირიაში ბავშვებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას გეგმავს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთელ სირიაში ბლოკადის მდგომარეობაში ნახევარი მილიონი ბავშვი იმყოფება. გაეროს ახალი ამბების ცენტრის 7 დეკემბერის მონაცემებით, საკვებისა და სამედიცინო დახმარების გარეშე ათეულობით ბავშვი იღუპება.
„ჩვენ ვცდილობთ, გაეროს ოფისის მეშვეობით, მივაწვდინოთ ჰუმანიტარული დახმარება იქ ძალიან დიდ განსაცდელში მყოფ ბავშვებს. ვფიქრობ, ეს ძალიან მადლიანი საქმე იქნება და ვეცდებით, ეს აუცილებლად გავაკეთოთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა თავის ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა, „სასაკლაო სირიაში კაცობრიობის სინდისზე ღია ჭრილობად რჩება“, ხოლო ალეპო „ჯოჯოხეთის სინონიმი“ გახდა.
სირიის მსხვილ ქალაქებში სამთავრობო ჯარებისა და ბოევიკების შეტაკებები 2012 წელს დაიწყო. გარდამტეხი მომენტი შეიარაღებული დაპირისპირებისას 2016 წლის შემოდგომაზე დადგა.
სირიის მტრული მხარეების დაზავების ცენტრის ინფორმაციით, ალეპოს ბოევიკებისგან გათავისუფლება, რომლებიც ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს 2012 წლიდან აკონტროლებდნენ, დასრულებულია.