თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ მეორე ეტაპის ცხრა გამარჯვებული დააჯილდოვა, განაცხადეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში.
„სტარტაპ საქართველოს“ პროექტის მეორე ეტაპის კონკურსში გამარჯვებული 9 პროექტი ჯამურად დაახლოებით 900 ათასი ლარით დაფინანსდა. გამარჯვებული პროექტები ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ქიმიური მრეწველობის, საშენი მასალების წარმოებისა და სხვა დარგებს მოიცავს.
„საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სიცოცხლისუნარიან სექტორს — მაღალ ტექნოლოგიებზე და ინოვაციებზე დაფუძნებულ ეკონომიკას 9 სრულიად ახალი იდეა შეემატა… ეს არის ეკონომიკის ტრანსფორმაცია და ადამიანების აზროვნების შეცვლა მეწარმეობისკენ, რათა კი არ გავხდეთ დასაქმებულნი, არამედ დავასაქმოთ სხვები. ეს არის ამ უმნიშვნელოვანესი პროგრამის მთავარი ეფექტი“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს მოუწოდა, არასდროს შეუშინდნენ ექსპერიმენტების ჩატარებას, გამოიჩინონ ბიზნეს-ინიციატივები, ხოლო დამარცხების შემთხვევაში არ დანებდნენ.
ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ მიმდინარე წლის ივნისში ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 60-მა ახალგაზრდამ საკუთარი ბიზნეს-იდეის რეალიზებისთვის მსხვილი გრანტი მიიღო. პროექტები კონკურსის საფუძველზე შეირჩა.
"სტარტაპ საქართველოს" პირველი გამარჯვებულები მიმდინარე წლის 26 აგვისტოს გამოცხადდნენ. პირველ კონკურსში გამარჯვებული 56 პროექტი გახდა, მათგან ინოვაციურ ნაწილში გამარჯვებული 36, ხოლო მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 20 აპლიკანტი გახდა. ბოლო 20-მა გამარჯვებულმა თავისი ბიზნეს-გეგმების განსახორციელებლად თითოეულმა 100 ათასი ლარი მიიღო.
პირველ ეტაპზე პროგრამის განსახორციელებლად 11 მილიონი ლარია გამოყოფილი, მომავალში ბიუჯეტი 35 მილიონ ლარამდე გაიზრდება.
ახალი პროგრამის კოორდინატორები არიან საქართველოს საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. პროგრამის ამოქმედების შემდეგ მასში საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთვნენ.