თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ ფინალისტები დააჯილდოვა.
პროგრამის წარმომადგენლები თავისი ბიზნეს-იდეების რეალიზებისთვის დაფინანსების მიღებას შეძლებენ. „სტარტაპ საქართველო“ საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმის ფარგლებში ხორციელდება.
„თქვენი გამარჯვებით დღეს საქართველო არის გამარჯვებული, რადგან თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის დასაყრდენი“, — განაცხადა კვირიკაშვილმა ფინალისტებისადმი მიმართვისას.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ პროგრამა ახალგაზრდობას ახალი იდეების მოფიქრებაში დაეხმარება, რათა საკუთარი ბიზნესი შექმნან.
„ეს არის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა, ინოვაციურად მოაზროვნე საქმიან ადამიანებს ეძლევათ საშუალება, მოიპოვონ დაფინანსება სრულიად ახალი მეთოდოლოგიით, ყველანაირი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ იდეის კრიტერიუმებზე დაყრდნობით“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
„სტარტაპ საქართველოში“ მონაწილეობისთვის 720 განაცხადი შევიდა. 150 განაცხადიდან “სილიკონის ველის” საერთაშორისო ექსპერტებმა 51 ფინალისტი შეარჩიეს. შედეგად გამოვლინდა 20 გამარჯვებული, რომლებმაც საკუთარი იდეის რეალიზებისთვის 100-100 ათასი ლარი მიიღეს.
გარდა ამისა, საქართველოში სლოვაკეთის ელჩმა რუდოლფ მიხალკამ გამარჯვებულთა ხუთეულს სლოვაკეთში ერთკვირიანი სტაჟირებისთვის სერტიფიკატები გადასცა.
მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპები მოიცავს შემდეგ სფეროებს: ავიაკოსმოსური წარმოება, ავტომობილები, ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, ბიოინფორმატიკა, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ბირთვული ფიზიკა, ელექტრომაგნიტური დასხივება და ა. შ.
პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მლნ ლარი გამოყო, სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი, შესაძლოა, 35 მლნ ლარამდე გაიზარდოს. განაცხადების მიღება 17 ივნისს დაიწყო და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა.
პროექტები კონკურსით შეირჩა. ახალი პროგრამის კოორდინატორები არიან საქართველოს საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. პროგრამაში, მისი ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთვნენ.