თბილისი, 12 აგვისტო— Sputnik. თბილისში სექტემბრიდან პირველი კერძო მაღალტექნოლოგური ცენტრი „სილიკონ ველი თბილისი“ გაიხსნება, იუწყება პროექტის ერთ-ერთი წარმომადგენელი მიხეილ ბათიაშვილი.
ტექნოლოგური ცენტრი აითი აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში — თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გააერთიანებს.
„სილიკონ ველი თბილისში“ მომავალ ქართველ დეველოპერებს, პროგრამულ ინჟინრებს და მეწარმეებს საკუთარი ბიზნეს იდეების განვითარება, ტექნოლოგიური უნარების გაღრმავება შეეძლებათ.
პროექტის ფარგლებში „სილიკონ ველი თბილისში“ ასევე განთავსდება წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და ბრენდების ოფისები, სტუდენტური კამპუსები, საზაფხულო სკოლა ბავშვებისთვის თავისი სპორტული მოედნებითა და საცურაო აუზებით.
პროექტი მოიცავს ყველა იმ ეტაპს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რათა საქართველომ თანდათანობით დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ტექნოლოგიების ექსპორტიორმა ქვეყანამ.
"ჩვენთან მომზადებული და განათლებამიღებული კადრები ძალიან სწრაფად გახდებიან მოთხოვნადი და წარმატებული არა მხოლოდ ქართულ ბიზნესკომპანიებში, არამედ საერთაშორისო ბაზარზე",-განაცხადა ბათიაშვილმა.
მისი სიტყვებით, ქართველ სპეციალისტებს აღარ მოუწევთ განათლების მიღება და გადამზადება უცხოეთში. "სილიკონ ველი თბილისი“ მათ შესაძლებლობას მისცემს ადგილზე შეიძინონ საჭირო უნარები და მუშაობა დაიწყონ სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ, ტექნოლოგიურ კომპანიებში.
მაღალი ტექნოლოგიების სექტორში და სტარტაპების განვითარებაში ისრაელი ერთ-ერთ წამყვანი ქვეყანაა, რომელმაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ მხრივ უდიდეს პროგრესს მიაღწია. ისრაელის სპეციალისტები მზად არიან ეს გამოცდილება ქართველ სტუდენტებს გაუზიარონ. ამისათვის საქართველოში იმყიფება დროდ შრემი, ისრაელის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის წარმომადგენელი.
„ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ საქართველოში, ამ საოცარ ქვეყანაში. ჩვენი ცენტრი ისრაელში ერთ-ერთი უმსხვილესი საგანმანათლებლო და ტრენინგ ცენტრია, სადაც ყოველწლიურად15 ათასზე მეტი სტუდენტი იღებს განათლებას და მოთხოვნად სპეციალობებს ეუფლებიან. გვინდა ეს გამოცდილება საქართველოსაც გავუზიაროთ",-განაცხადა შრემმა.
აკადემიაში ასევე იქნება გადამზადების ცენტრი, სადაც მოხდება კადრების მომზადება კერძო კომპანიებისთვის.