თბილისი, 29 დეკემბერი Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ბოლო სხდომაზე 2016 წლის შეჯამებისას განაცხადა, რომ 2017 წელი ქვეყნისთვის ძალზე კარგი წელი იქნება.
ქვეყნის მიღწევებზე საუბრისას კვირიკაშვილმა აღნიშნა დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, განათლების რეფორმა, ტექნოპარკების შექმნა, სამთო-სათხილამურო კურორტების მოწყობა, წარმატებები პროგრამების „აწარმოე საქართველოში“ და „სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში და მრავალი სხვა.
„რა თქმა უნდა, ამ მიღწევების ჩამოთვლისას უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყანას რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა დასაძლევად ჩვენ არჩეული გვაქვს სწორი გზა. ჩვენს მოქალაქეებს დღეს არა აქვთ დალხინებული ცხოვრება, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად ვითავისებთ მათ ამ მდგომარეობას და ასევე ვითავისებთ იმ რეფორმების საჭიროებას, რომელთაც ვახორციელებთ. ეს არის სწორი გზა, ეს არის ის გზა, რაც ამ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა“, — განაცხადა პრემიერმა.
ეს ოპტიმიზმი აბსოლუტურად დასაბუთებულია, აღნიშნა პრემიერმა.
„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა — დიახ, 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი და ამას ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ!“ — განაცხადა კვირიკაშვილმა.