თაღლითობა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით: დაკავებული არიან ადვოკატები

© Pixabay / succoკანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები
კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უძრავ ქონებასთან დაკავშირებით თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ადვოკატების დამცველები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ოთხ ადამიანს, მათ შორის ორი ადვოკატია. საქმე ეხება 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ზონაში სახელმწიფოსა და კერძო პირების კუთვნილ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების უკანონო დაუფლებას.

საქართველოს პროკურატურამ სამშაბათს ორი ადვოკატის — ნათელა გოდერიძისა და მზევინარ კოსტავას, ასევე ბელა გუბელაძისა და ქეთევან ჯავახიშვილის თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით დაკავების შესახებ განაცხადა.

„(პატიმრობის) ალტერნატივის სახით 50 ათასი ლარის გირაო შევთავაზე, რათა მისთვის (კოსტავასთვის) აღკვეთის ზომა არ შეეფარდებინათ, რადგან არ იყო ფორმალური ვითარება, რომელსაც ჩვენ მტკიცებულებებს ვუწოდებთ, და არ იყო არანაირი საფუძველი აღკვეთის ზომის გამოყენებისთვის“, — განაცხადა ადვოკატმა დავით მოდებაძემ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

ლარი - Sputnik საქართველო
საქართველოში პენსიის მითვისების ბრალდებით სოციალური სააგენტოს თანამშრომლები დააკავეს

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილიც. ის მიიჩნევს, რომ ადვოკატებმა კი არ ითაღლითეს, არამედ საკუთარი სამუშაო შეასრულეს.

„ჩვენ, ადვოკატები შევიკრიბებით და არ დავუშვებთ პრეცედენტის შექმნას, რომ როცა ადვოკატი საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მიმართავს სასამართლოს და ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ინფორმაციის მიღების მიზნით, ეს თაღლითობად ჩაუთვალონ“, — განაცხადა ხატიაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

დაკავებულების ადვოკატები პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. წინასწარი სასამართლო მოსმენა 2017 წლის 8 თებერვალს არის დანიშნული.

პროკურატურის მონაცემებით, ადვოკატებმა ნათელა გოდერიძემ და მზევინარ კოსტავამ შეიტყვეს, რომ წყნეთის ქუჩის №1-ში განთავსებული 4,2 ათასი კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი გარდაცვლილი იოსებ წინამძღვრიშვილის სახელზე ირიცხება.

ამასთან მათ იცოდნენ, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა იოსებ წინამძღვრიშვილის სამკვიდრო ქონებას და მის სახელზე აღრიცხული ნაკვეთი სხვა პირების ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში იყო ათეული წლების განმავლობაში. მიუხედავად ამისა, მათ გადაწყვიტეს ზემოხსენებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ფაქტების დამახინჯებითა და მოტყუებით დაერეგისტრირებინათ იოსებ წინამძღვრიშვილის მემკვიდრეზე, აღნიშნულია ქვეყნის მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

მონაცემთა დამუშავება - Sputnik საქართველო
თაღლითებმა ბანკების კლიენტები გაქურდეს

ადვოკატებმა დაარწმუნეს ნოტარიუსი, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები იმყოფებოდა იოსებ წინამძღვრიშვილისა და შემდგომში მისი მემკვიდრეების ფაქტობრივ მფლობელობაში. ნოტარიუსისა და საჯარო რეესტრისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის გზით აღნიშნული ქონება იოსებ წინამძღვრიშვილის მემკვიდრის ბელა გუბელაძის სახელზე აღირიცხა, რომელიც თაღლითობაში მათთან ერთად მონაწილეობდა.

ბელა გუბელაძემ ეს ქონება, თავის მხრივ, ვინმე ქეთევან ჯავახიშვილს გადაუფორმა, რომელიც ადვოკატ გოდერიძის ახლო ნაცნობია. ამის შემდეგ ჯავახიშვილმა, თითქოსდა „კეთილსინდისიერმა“ მყიდველმა, იქ მცხოვრები ადამიანების გასახლება გადაწყვიტა.

ამის გამო სახელმწიფომ და კერძო პირებმა 657 ათასი ლარის ოდენობის თანხა იზარალეს.

უფრო მეტიც, ამ საქმეში ჩარეული პირები სახელმწიფოსგან ფულადი კომპენსაციის მიღებასაც შეეცადნენ, რადგან ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი 2015 წლის წყალდიდობისას დაზარალებულ ზონაში იმყოფება. მათ შესაბამისი თხოვნით თბილისის მერიას უკვე მიმართეს.

დაკავება - Sputnik საქართველო
ზუგდიდში თაღლითი ქალბატონები დააკავეს

გამოძიება ასევე მიუთითებს, რომ ადვოკატი ნათელა გოდერიძე ანალოგიური სქემის გამოყენებით შეეცადა დაესაკუთრებინა თბილისში, წყნეთის ქუჩა N22-ში მცხოვრებ მძელურებისა და ბასოშვილების ოჯახების კუთვნილი 112 980 ლარის ღირებულების დიდი ოდენობით უძრავი ქონება. 

ნათელა გოდერიძეს, მზევინარ კოსტავას, ბელა გუბელაძესა და ქეთევან ჯავახიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით (თაღლითობა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით) და 19, 180-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით (თაღლითობის მცდელობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0