ბავშვებისთვის და არა მარტო მათთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნის მიზნით, „დედაენის ბაღში" თბილისი მერია საახალწლო ქალაქს მართავს, რომელიც 25 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნება და ღონისძიებები 2 იანვრამდე გასტანს.
„დიდ სადღესასწაულო გამოფენა-გაყიდვაზე გეპატიჟებით ტექნოპარკის საახალწლო ჯიხურთან, სადაც თქვენ დაგხვდებათ ჩვენი სტარტაპების მიერ დამზადებული ულამაზესი ხელნაკეთი აქსესუარები, საახალწლო სათამაშოები, მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები, გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის და იდეების ნაძვის ხე, რომელსაც შეგიძლიათ შეაბათ თქვენი იდეა, ჩანაფიქრი და თუ რა მოხდება შემდეგ, ამას იქვე შეიტყობთ“, — ნათქვამია თბილისი მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საახალწლო ქალაქში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი სტარტაპების ჩამონათვალი ასეთია:
ANKA — ხის ხელნაკეთი აქსესუარები
Light Group — ხის ხელნაკეთი სანათები
QWoodi- ხის საახალწლო სათამაშოები
Hand4Help — ხელის მაღალტექნოლოგიური პროთეზი
Wood Area — ხის ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები
MillimeterLL- ხის ხელნაკეთი საათები
თამაშობანა — ხელნაკეთი თამაშები
კოსმო — ხის ხელნაკეთი აქსესუარები
Tadd- ხის ხელნაკეთი საათები
პოპულუსი — ხის ხელნაკეთი აქსესუარები
Cnick — ჭკვიანი ბეჭედი
Mermenio — ხის ხელნაკეთი აქსესუარები
More than gifts — ხის საახალწლო სათამაშოები
Zed4 — ხელნაკეთი ინოვაციური მაჯის საათები
Giffer- მოწყობილობა მოძრავი ფოტოების გადასაღებად
გარდა ამისა, საახალწლო ქალაქის სტუმრებს, საშუალება ექნებათ საგანგებოდ მოწყობილ და მორთულ სახლებში, დააგემოვნონ საახალწლო ნუგბარი; შეიძინონ სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და ხელნაკეთი ნივთები. ჯადოსნურ ქალაქში განთავსდება დეკორატიული სათამაშოები, ყვავილების ხეივანი და მექანიკური თოჯინები.
საახალწლო ქალაქში, ყოველდღიურად სხვადასხვა ჟანრის კონცერტები გაიმართება.
25 დეკემბერს ჯადოსნურ ქალაქს ვახტანგ კახიძის კონცერტი გახსნის, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
თბილისის თანამედროვე საბალეტო დასი საახალწლო წარმოდგენას გამართავს. ჩატარდება ჰიპ-ჰოპ ლაივ კონცერტი.
ქალაქის სტუმრებისთვის საგანგებო პროგრამას ამზადებს ჯგუფი SALIO.
ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს რადიო „კუბრიკი“ და Live@twilight უმასპინძლებს.
საღამოობით საახალწლო ქალაქის სტუმრებისთვის ქართველი DJ-ები დაუკრავენ.
„დედაენის ბაღში“ მოეწყობა არტ-სივრცე, რომელსაც გალერეა „არტ არეა“ წარმოადგენს.
„ახალ ტფილისში“ საახალწლოდ დამონტაჟდება დეკორატიული მატარებელი, რომლის მემანქანეც სანტა-კლაუსი იქნება. მატარებლის თითოეულ ვაგონს საახალწლო საჩუქრის ფორმა ექნება, შიგნით კი საახალწლო ბაზრობის დახლები მოეწყობა.
განახლებული აღმაშენებლის ერთ-ერთ ეზოში მამუკა ჯაფარიძის ინსტალაცია და თეატრალური ღონისძიება გაიმართება, ჰაერბურთები განათდება ვიდეოპროექციით. მოეწყობა არტისტების ნამუშევრების მარკეტი. გიორგი ქათამაძის ჩრდილების თეატრი კი რამდენიმე პერფორმანსს გამართავს. ქუჩაზე მთელი დღის განმავლობაში საახალწლო სიმღერები გაჟღერდება. საახალწლო ქალაქის მცირეწლოვანი სტუმრებისთვის საგანგებო სივრცე მოეწყობა.