თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუდაურში ახალი საბაგირო გზა გახსნა, რომელიც 20 მილიონი ლარი დაჯდა, აღნიშნულია პრემიერის „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
გუდაურში სათხილამურო სეზონი ოფიციალურად 10 დეკემბერს გაიხსნა. კურორტი, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის წყალობით, კლიმატურ პირობებზე დამოკიდებული აღარ არის.
გუდაურში ახალი საბაგირო გზით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავადაც გაისეირნა.
საბაგირო გზის (სახელწოდებით „შინო“) სიგრძე დაახლოებით ორი კილომეტრია. ის სავარძლიანია და თითო სავარძელი ექვს კაცზეა გათვლილი. საბაგიროს წარმადობა საათში 1,8 ათასი ადამიანია.
„ჩვენ ღირსეულად ვაგრძელებთ საქმეს და ძალიან დიდი გეგმები გვაქვს… ჩვენ დღეს აქ ამოვედით, რომ გავხსნათ მსოფლიოში წამყვანი კომპანია Doppelmayr-ის მიერ დამონტაჟებული ახალი საბაგირო, რომელიც თვისობრივად გააუმჯობესებს მომსახურებას კურორტ გუდაურში“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ კანადურ კომპანია „ეკოსაინთან“ (Ecosign) ერთად გუდაურის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულებულია.
„დღეიდან მოყოლებული ქაოსური განვითარება აღარ იქნება ამ კურორტზე, იქნება გეგმაზომიერი… გუდაურში ყოველთვის წყალმომარაგების პრობლემა იყო. წელს წყალმომარაგების პირველი ეტაპი დასრულდა. 2018 წელს კი 24-საათიანი წყალმომარაგება იქნება“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
გუდაურში, ისევე, როგორც სხვა ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე, 2016 წელს მოთხილამურე პატრულის სამსახური ამოქმედდა. დამსვენებლების უსაფრთხოებას საბაგირო გზების გახსნიდან დაკეტვამდე 14 პატრულ-ინსპექტორი უზრუნველყოფს.
გუდაურში ასევე იმართება ჰელისკი. ეს სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობაა, რომელიც სასრიალო ბილიკებისგან შორს მდებარე ველური მთების ფერდობებზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს და ამწე საშუალებად ვერტმფრენს იყენებს.
გუდაურში სულ 22 სათხილამურო ტრასა და 16 საბაგირო გზაა.
სათხილამურო სეზონი გუდაურში, ტრადიციულად, მაისამდე გრძელდება.