საკონსტიტუციო კომისიის ახალი შემადგენლობა დამტკიცებულია

საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს კონსტიტუცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინა საკონსტიტუციო კომისიის უფლებამოსილება, რომელსაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობდა, 2016 წლის მარტში ამოიწურა.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.

წინა საკონსტიტუციო კომისიის უფლებამოსილება, რომელსაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობდა, 2016 წლის მარტში ამოიწურა.

ახალ საკონსტიტუციო კომისიას სათავეში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩაუდგება.

საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი - Sputnik საქართველო
ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში: დასაწყისი

მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ 73 დეპუტატიდან კომისიის შემადგენლობაში 23 წევრი შევიდა. მათ შორის არიან ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

საპარლამენტო უმცირესობიდან, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახითაა წარმოდგენილი, კომისიის შემადგენლობაში 8 პარლამენტარი შევიდა, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე და ასევე ყოფილი ომბუდსმენი გიორგი ტუღუში.

საპარლამენტო კომისიაში ასევე შევიდნენ ოპოზიციური ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენლები: ირმა ინაშვილი და ნატო ჩხეიძე.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ასევე ჩაერთვებიან იმ არასაპარლამენტო პარტიებისა და ბლოკების წარმომადგენლები, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლების ხმათა 3% მოაგროვეს. ესენი არიან: შალვა შავგულიძე „თავისუფალი დემოკრატებიდან“,  დიმიტრი ლორთქიფანიძე „დემოკრატიული მოძრაობიდან“, გიორგი გუგავა „ლეიბორისტული პარტიიდან“ და ნიკა მაჭუტაძე პარტიიდან „სახელმწიფო ხალხისათვის“.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დაწერაში მონაწილეობას არ მიიღებს

ირაკლი კობახიძემ კომისიის შემადგენლობაში ასევე ჩართო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, რომლებიც მანამდე აცხადებდნენ, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

კომისიის შემადგენლობაში ასევე არიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციაში უპირველესად იმგვარი ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომლებიც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ბალანსს უზრუნველყოფს და ასევე შეცვლის საარჩევნო სისტემას.

ამას გარდა, იგეგმება ქორწინების გაგების დაზუსტება — რომ ეს არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი.
კომისია მუშაობას ხვალიდან შეუდგება. საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო პროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე შემუშავდება, რის შემდეგაც საყოველთაო განხილვები და საპარლამენტო მოსმენები გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0