თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. ცნობილ ქართველ რეჟისორს, დრამატურგსა და მსახიობს ოთარ ბაღათურიას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო – „ხელოვნების ქურუმის" წოდება მიენიჭა.
ჯილდო “ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საქართველოს დამსახურებულ არტისტს, სახელმწიფო და „სანდრო ახმეტელის“ პრემიების ლაურეატს სამინისტროში საზეიმო ვითარებაში კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გადასცა. დაჯილდოება ოთარ ბაღათურიას დაბადების დღეს — 21 დეკემბერს გაიმართა.
საქართველოში ამ ჯილდოზე წარდგენილი არიან ხელოვნების წარმომადგენლები რეჟისორები მერაბ კოკოჩაშვილი, გიორგი ოვაშვილი, ზაზა ურუშაძე, სცენარისტი, რეჟისორი და მხატვარი რეზო გაბრიაძე, პოეტი ბესიკ ხარანაული, მომღერალი თენგიზ მუშკუდიანი, პიანისტი ელიზავეტა ლეონსკაია, მოცეკვავე იამზე დოლაბერიძე, თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის დირექტორი ნიკოლაი სვენტიცკი და სხვ.
ბაღათურია, როგორც მსახიობი, რეჟისორი და დრამატურგი, მრავალი ფესტივალის ლაურეატია. ის არის რეჟისორი და სცენარის ავტორი მოკლემეტრაჟიანი ფილმისა „ბოთე" (1995 წ.)
სარეჟისორო ნამუშევრებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სპექტაკლი „სახრჩობელაზედ“ (ილია ჭავჭავაძის მიხედვით), „იავნანამ რა ჰქმნა“ (იაკობ გოგებაშვილის მიხედვით), „კუკარაჩა“ (ნოდარ დუმბაძის მიხედვით), „დარისპანის გასაჭირი“ (დავით კლდიაშვილის მიხედვით), ასევე „ვინ დაიცავს დღეს ავი ლომისაგან ტყეს", „ამიკო", „საშობაო ზღაპარი", „მეფე ლირი თავშესაფარში".
მისი პიესა „მეფე ლირი თავშესაფარში" 2001 წლის საუკეთესო პიესად არის აღიარებული.
ამჟამად ოთარ ბაღათურია ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის მთავარი რეჟისორია. 2013 წელს ამავე თეტრის წინ მისი ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.