თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქეთი მელუა „ღირსებით ორდენით“ დააჯილდოვა.
მომღერალი საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის დაჯილდოვდა, აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
მომღერალს ჯილდო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გადასცა, სადაც კონცერტზე მელუა გორის ქალთა გუნდთან ერთად გამოვიდა.
ამ კონცერტით დასრულდა მელუას ორთვიანი ევროპული ტურნე ქართულ გუნდთან ერთად. მანამდე გამოსვლები გაიმართა გერმანიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, დანიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ბელგიასა და დიდ ბრიტანეთში.
„ღირსების ორდენი“ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოა, რომელიც 1992 წელს დაარსდა. ის სახელმწიფო და საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში ღვაწლისთვის გაიცემა.
ქეთი მელუა რვა წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ჩრდილოეთ ირლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო 14 წლისა — ინგლისში. მისი დებიუტი 2003 წელს გაიმართა, როდესაც გამოვიდა მისი პირველი ალბომი Call Off the Search. 2006 წელს ხმის ჩამწერი ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFPI) ქეთი მელუას ევროპაში ყველაზე წარმატებული ქალი-შემსრულებელი უწოდა.
ამჟამად ქეთი მელუა ცნობილია არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც. მსოფლიოში გაყიდულია მისი 11 მილიონზე მეტი დისკი. ის კომპოზიციებს ჯაზისა და ბლუზის სტილში ასრულებს.