ქეთი მელუა გორის გოგონათა გუნდთან ერთად თბილისში დეკემბერში გამოვა

© AP Photo / Gero Breloerქეთი მელუა
ქეთი მელუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორთვიან ევროპულ ტურნეს ქეთი მელუა საქართველოში კონცერტით დაასრულებს. ის უკვე გამოვიდა გერმანიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ქართული წარმოშობის ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ქეთი მელუა გორის გოგონათა გუნდთან ერთად 20 დეკემბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გამოვა.

ეს კონცერტი ქართულ გუნდთან ერთად მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლის ევროპული ორთვიანი ტურნეს ფარგლებში დასკვნითი გამოსვლა იქნება. აქამდე ქეთი და გოგონათა გუნდი წარმატებით გამოვიდნენ გერმანიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში.

ქეთი მელუა თბილისში თავის მეშვიდე სოლო ალბომს In Winter წარმოადგენს, რომელიც საქართველოში პირველად ჩაიწერა გორის გუნდის მონაწილეობით (ქორმაისტერი თეონა ცირამუა). ეს დისკი ქეთი მელუამ მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოუშვა, რომელიც ერთი კვირის შემდეგ ბრიტანული ჩარტების ტოპ-ათეულში მოხვდა, შემდეგ კი შვეიცარიის ჩარტების ლიდერ პოზიციაზე.

აღსანიშნავია, რომ ამ ალბომს, რომელიც მომღერალმა თავისი პროდიუსერის მაიკ ბატას გარეშე შექმნა, მელუა ექსპერიმენტულსა და საშობაოს უწოდებს.

© photo: courtesy of GoriWomensChoirქეთი მელუა და გორის ქალთა ანსამბლი
ქეთი მელუა და გორის ქალთა ანსამბლი - Sputnik საქართველო
ქეთი მელუა და გორის ქალთა ანსამბლი

 

ამ ალბომზე მუშაობისას მელუა დიდხანს ეძებდა შესაბამის გუნდს და ის შემთხვევით საქართველოში, გორში აღმოაჩინა. 25 წევრისგან შემდგარმა კაპელამ ქეთი მელუას ალბომი ქართული ფოლკლორის მოტივებით, ერთდროულად მძლავრი და ნაზი ენერგეტიკით გაალამაზა.

ეს ალბომი ქეთი მელუამ თავის 84 წლის ბაბუას მიუძღვნა, რომელიც თბილისში ცხოვრობს.

ქეთი მელუა რვა წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ჩრდილოეთ ირლანდიაში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო 14 წლისა — ინგლისში. მისი დებიუტი 2003 წელს გაიმართა, როდესაც გამოვიდა მისი პირველი ალბომი Call Off the Search. 2006 წელს ხმის ჩამწერი ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFPI) ქეთი მელუას ევროპაში ყველაზე წარმატებული ქალი-შემსრულებელი უწოდა.

ამჟამად ქეთი მელუა ცნობილია არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც. მსოფლიოში გაყიდულია მისი 11 მილიონზე მეტი დისკი. ის კომპოზიციებს ჯაზისა და ბლუზის სტილში ასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0