თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, განაცხადა საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმთან სტამბულში გამართულ შეხვედრისას.
შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, რომელიც უკვე მრავალი წელია, სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება.
„საქართველოს მთავრობის სახელით მკაცრად ვგმობ უკანასკნელ პერიოდში თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებს; სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებ ტერაქტების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას“, — განაცხადა კვირიკაშვილმა შეხვედრაზე.
მხარეებმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს „ევრაზიის გვირაბის“ პროექტის მნიშვნელობაზე, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონია დღეს გაიმართება. პრემიერ-მინისტრების შეფასებით, აზიისა და ევროპის კონტინენტების დამაკავშირებელი გვირაბი ახალ სატრანსპორტო შესაძლებლობებს ქმნის და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „აბრეშუმის გზის“ აღდგენის ინიციატივის განხორციელებაში.
5,4 კილომეტრი სიგრძის ევრაზიული გვირაბი ბოსფორის სრუტის ფსკერის ქვეშ სტამბულის აზიურ და ევროპულ ნაწილებს დააკავშირებს. თურქეთის საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, გვირაბის ამოქმედების შემდეგ მეგაპოლისის ორ ნაწილს შორის მანძილი დაახლოებით 15 წუთში დაიფარება.
სხვადასხვა გათვლებით, ახალი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა თურქეთს 1,3 მლრდ აშშ დოლარი დაუჯდა.
გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის პრემიერთან შეხვედრამდე ბეშიქთაშის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიას ეწვია, სადაც პატივი მიაგებო 10 დეკემბერს მომხდარი ტერორისტული აქტის მსხვერპლთა ხსოვნას.