თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მოსკოვში რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ანკარა მოკლული რუსი დიპლომატის ანდრეი კარლოვის სახელს დარქმევს იმ ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს.
ანდრეი კარლოვზე შეიარაღებული თავდასხმა გუშინ ანკარაში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში მოხდა გამოფენაზე სახელწოდებით "მოგზაურის თვალით დანახული რუსეთი". თავდასხმის შემდეგ ელჩი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 40 წუთის შემდეგ ექიმებმა მისი სიკვდილის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.
მოსკოვი მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციას ანიჭებს. თვითმხილველთა მტკიცებით, მკვლელი საგამოფენო შენობაში შევიდა საქმიანი კოსტიუმით და ჰალსტუხით, ამიტომ ის ელჩის დაცვის წევრად მიიჩნიეს. თავდასხმის დროს დაშავდა კიდევ სამი ადამიანი. მოგვიანებით ბოროტმოქმედი პოლიციამ მოკლა.