ნატა პატარაია
როდესაც 2015 წელს თურქულმა გამანადგურებელმა სირიაში რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო, ის სახელმწიფოს სახელით მოქმედებდა, რუსეთის ელჩის მკვლელობა კი ტერორისტული აქტია, რომლის უკან, რა თქმა უნდა, თურქეთი არ დგას, თვლის პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე.
„მგონია, რომ ამ შემთხვევაში რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა არ დაიძაბება, რადგან რუსეთს არა აქვს საფუძველი ელჩის მკვლელობაში თურქეთი დაადანაშაულოს, მით უმეტეს, როდესაც ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის დაახლოების პროცესი შეინიშნებოდა, რაც გაზსადენ „თურქეთის ნაკადის“ მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით გაფორმებულ შეთანხმებაშიც გამოხატა“, — აღნიშნა ჩიტაძემ.
შესაძლოა, ეს „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელსაც ჩაედინა, თუმცა ისიც სარწმუნოა, რომ მკვლელი ინდივიდუალურად მოქმედებდა და მიზეზი მისი ფსიქიური აშლილობა იყო, მიაჩნია ნიკა ჩიტაძეს.
რაც შეეხებ პროდასავლურ ძალებს თურქეთში, პოლიტოლოგის აზრით, შესაძლოა ისინი ქვეყნის რუსეთთან დაახლოებას არ მიესალმებიან, მაგრამ ტერორიზმი მათთვის ბრძოლის დამახასიათებელი მეთოდი არ არის.
„რა თქმა უნდა, თვითონ ეს ფაქტი დასაგმობია, რა თქმა უნდა, ეს არის ტრაგედია და პრობლემა, რომელიც არსებობს დღევანდელ საერთაშორისო საზოგადოებაში და რომელიც იმაზე მიანიშნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ტერორისტული აქტებისგან დაცული არ არის“, — აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
რუსი ძალოვანები რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის გამოსაძიებლად თურქეთში უკვე გაემგზავრნენ. ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობაში სპეცსამსახურების, საგამოძიებო კომიტეტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს 18 თანამშრომელი შედის.
რუსეთის პრეზიდენტმა მომხდარს „მზაკვრული მკვლელობა“ და პროვოკაცია უწოდა, რომელიც თურქეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სირიაში ვითარების დარეგულირების ხელის შეშლისკენაა მიმართული.
შეიარაღებული თავდასხმა ანდრეი კარლოვზე ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნის ცერემონიაზე ორშაბათს მოხდა. დამნაშავემ რუსეთის ელჩს ზურგში რამდენჯერმე ესროლა, ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა. მოწმეთა ჩვენებით, მკვლელი საგამოფენო დარბაზში ჰალსტუხითა და საქმიან კოსტიუმში გამოწყობილი შევიდა და იქ მყოფთ ის ელჩის დაცვის წევრი ეგონათ. თავდასხმის დროს კიდევ სამი ადამიანი დაშავდა. საპოლიციო ოპერაციის შედეგად თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ის მევლუთ მერთ ალთინთაში აღმოჩნდა, რომელიც 2,5 წლის განმავლობაში მუშაობდა პოლიციაში.