თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტები იწყებენ იმ ინიციატივის განხილვას, რომელიც მასშტაბური ბიზნეს–პროექტების განსახორციელებლად ხეების მოჭრის ნებართვას ითვალისწინებს, აღნიშნულია პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.
ხეების მოჭრა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. გარემოს დამცველები თითოეულ ასეთ ფაქტს მკაცრად ადევნებენ თვალს და მასობრივ საპროტესტო აქციებს მართავენ. თბილისში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით გამართული ბოლო აქციის შედეგად სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ამჯერად სამშენებლო კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ საქართველოს პარლამენტში შეიტანა ინიციატივა სამშენებლო კომპანიებისთვის დაავადებული ხეების უფასოდ მოჭრის ნებართვის თაობაზე, რადგან ისინი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. გარდა ამისა, ინიციატორები მოითხოვენ, კანონში ჩაიწეროს, რომ მასშტაბური, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად სამშენებლო კომპანიებს საქართველოს ქალაქებში ჯანმრთელი ხეების მოჭრაც შეეძლოთ.
„მოგეხსენებათ, თბილისის ტერიტორია არსებითად დაფარულია მწვანე საფარით, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებს ხის მოჭრის შესაძლებლობა, ბიზნესი მნიშვნელოვნად შეფერხდება მსხვილი, ქვეყნისთვის სასიკეთო ეკონომიკური ეფექტის მქონე პროექტების განხორციელებაში“, – განმარტავს კომპანია თავის პოზიციას.
ბუნების დამცველებმა ეს ინიციატივა უკვე შეაფასეს, როგორც ომის გამოცხადება. არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტიზანი მებაღეები“ მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება.
„ესაა ომის გამოცხადება. მეტი არაფერი“, – დაწერა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერმა ნატა ფერაძემ.
საპარლამენტო კომიტეტები სამშენებლო კომპანიის ინიციატივას განიხილავენ და გადაწყვეტილებას ეკოლოგიის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ.
„ეს საკითხი ძალიან სერიოზულად უნდა შევისწავლოთ. თუ ეს უკავშირდება რაიმე ბიუროკრატიულ მექანიზმს და საჭიროა ამ კუთხით ბიზნესის ხელშეწყობა, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს შესაბამისი ცვლილებები, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს გარემოს დაცვის ხარჯზე“, – განაცხადა გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.