თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერმა ქალაქში ხეების მოჭრაზე ათდღიანი მორატორიუმი გამოაცხადა, რათა დაინტერესებულ პირებთან არსებული კანონების შეცვლა განიხილოს.
გარემოს დაცვის თემა თბილისში განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აღშფოთებულმა თბილისელებმა „ფეისბუქში“ ყაზბეგის №22–ში მოჭრილი ხეების ფოტოების გამოქვეყნება დაიწყეს. ბუნების დამცველებმა ამასთან დაკავშირებით დიდი პროტესტი გამოთქვეს. საზოგადოებრივი მოძრაობა „პარტიზანი მებაღეების“ ხელმძღვანელმა ნატა ფერაძემ პროტესტის ნიშნად მერიის შენობასთან შიმშილობა დაიწყო.
„მე გუშინ მივიღე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს შემდგომი ათი დღის განმავლობაში მორატორიუმის გამოცხადებას ქალაქში მწვანე ნარგავების მოჭრაზე“, – აღიშნულია თბილისის მერის განცხადებაში, რომელიც „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.
მერი მზადაა, ბუნების დამცველებთან არსებული წესების გამკაცრებაზე იმსჯელოს.
„მართალია, ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ კანონში ცვლილებები შევიტანეთ და გავამკაცრეთ წესები, თუმცა, როგორც ჩანს, ამ საკითხთან დაკავშირებული კანონმდებლობა ჯერ კიდევ გადასახედი და დასახვეწია. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ეს საკითხები, რათა რეგულაციები გავხადოთ კიდევ უფრო მკაცრი“, – განაცხადა ნარანიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ 21–ე საუკუნეში ურბანიზაცია შეუქცევადი პროცესია.
„უნდა მივიღოთ ისეთი რეგულაცია, რაც საჯარო და კერძო ინტერესების თანხვედრით მოგვცემს ქალაქის შემდგომი განვითარების შესაძლებლობას, რათა, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ მწვანე საფარი, მეორე მხრივ კი ვიზრუნოთ ახალი პროექტების განხორციელებასა და ადამიანების დასაქმებაზე. ჩვენ მოვუსმენთ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს რაციონალური წინადადება და შევიმუშავებთ ახალ წესებს“ — განაცხადა დავით ნარმანიამ.
მერიაში მანამდე განმარტეს,რომ ყაზბეგის გამზირის ამ მონაკვეთზე დაგეგმილია 150-მილიონიანი უცხოური ინვესტიციის განხორციელება სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის მიზნით, 2000 მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნა, ამავე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონის განვითარება.
ბუნების დამცველების საპროტესტო აქციის შემდეგ, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, ხეების მოჭრის პროცესი შეაჩერეს და განაცხადეს, რომ მოჭრილი ხეების ვიზუალური დათვალიერებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ დადგა შპს „ფორესტ კომპანის” მიერ გაცემული დასკვნის ობიექტურობა. ეს კომპანია განსაზღვრავს ხეების ასაკსა და მდგომარეობას.
საკითხის შესწავლაში ქალაქის პროკურატურა ჩაერთო, რომელსაც „მწვანე აქტივისტებმა“ მიმართეს.