თბილისი, 19 აგვისტო– Sputnik. პროკურორებმა დაიწყეს თბილისში ყაზბეგის გამზირის №22-ის მიმდებარე ტერიტორიის შესწავლა, სადაც რამოდენიმე დღის წინ ხეები მოჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი-2“.
Facebook-ზე ყოველდღე ჩნდება გაჩეხილი ხეების სურათები, რომლებსაც მომხდარით აღშფოთებული თბილისელები აქვეყნებენ. “პარტიზანული მებაღეობის” ხელმძღვანელმა ნატა ფერაძემ მერიის შენობასთან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მერიის გადაწყვეტილებით ხეების მოჭრა შეჩერებულია.
„ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაწყებულია გამოძიება ქ. თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით“,- განაცხადა პროკურატურის გამომძიებელმა ვაჟა გამეზარდაშვილმა.
პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „პარტიზანული მებაღეობის“ და სხვა აქტივისტების მიმართვის საფუძველზე, რომელთა შორის არიან ოპერის მომღერლები და საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი. ისინი თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის გადადგომას მოითხოვენ.
მიმდინარეობს ელისაშვილისა და „პარტიაზანი მებაღეების“ გამოკითხვა.
„სახეზეა მერიის, გამწვანებისა და ზედამხედველობის სამსახურების და თვითონ ნარმანიას დანაშაული. აქ გამოსაძიებელი არაფერია. მერიის გუშინდელი განცხადება ანეგდოტური იყო. იმიტომ, რომ ერთია, როდესაც ექსპერტი წერს დასკვნას, თუნდაც არაკეთილსინდისიერს, მეორეა ის, რომ კანონით გამწვანების სამსახურს ყველაფერი უნდა გადაემოწმებინა ადგილზე და მხოლოდ მერე გაეცა მოჭრის ნებართვა, თვითონ პროცესი კი ზედამხედველობის სამსახურის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს“,- განაცხადა ელისაშვილმა.
ხეების ასაკსა და მდგომარეობის შესახებ დასკვნა კომპანია „ფორესტ კომპანიმ“ შეადგინა.
მერიაში განაცხადეს, რომ დიდი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ასევე მოჭრილი ხეების ვიზუალური დათვალიერების შემდეგ გაჩნდა ეჭვი დასკვნის ობიექტურობასთან დაკავშირებით.
უშუალოდ ხეების მოჭრას ახორციელებდა სამშენებლო-დეველოპერული კომპანია“ორბი გრუპი“. კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა სამუშაო კანონის გათვალისწინებით განხორციელდა თბილისის მერიის ნებართვისა და კომპანია „ფორესტ კომპანის“დასკვნის საფუძველზე.
„ყველა ხე მოჭრილია ნებართვის საფუძველზე. არსებობს სათანადო დოკუმენტაცია, რომელსაც პროკურატურას გადავცემთ. ეს იყო თბილისის მერიის ნებართვა“,-განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ნიკოლოზ არჩვაძემ.
საქმის მასალები პროკურატურაში თბილისის მერიამაც გაგზავნა. თუ დადგინდა, რომ ხეები უკანონოდ იქნა მოჭრილი, დამნაშავეს ემუქრება ჯარიმა ან გამოსასწორებელი სამუშაოები ვადით ერთ წლამდე, ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.