თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საპროტესტო აქციის შემდეგ, თბილისის მერის დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, შეჩერებულია ხეების მოჭრის პროცესი ყაზბეგის გამზირის №22-ში.
აღშფოთებული თბილისელები „ფეისბუქში“ მოჭრილი ხეების ფოტოებს ყოველდღიურად აქვეყნებენ. საზოგადოებრივი მოძრაობა „პარტიზანი მებაღეების“ ხელმძღვანელი ნატა ფერაძე მერიის შენობასთან შიმშილობს პროტესტის ნიშნად.
„შპს „ფორესტ კომპანის” დასკვნის თანახმად, ყაზბეგის N22-ში 68 ხიდან 45 ხე ხანდაზმული, დაავადებული და ხმობადია. სწორედ აღნიშნული დასკვნის მიხედვით გასცა ნებართვა 45 ხის მოჭრის თაობაზე მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა“, — აღნიშნულია თბილისის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოჭრილი ხეების ვიზუალური დათვალიერებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ დადგა შპს „ფორესტ კომპანის” მიერ გაცემული დასკვნის ობიექტურობა.
თბილისის მერიამ საქმის მასალები პროკურატურას გადასცა.
ყაზბეგის გამზირის ამ მონაკვეთზე დაგეგმილია 150-მილიონიანი უცხოური ინვესტიციის განხორციელება სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის მიზნით, 2000 მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნა, ამავე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონის განვითარება.
„დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალაქში მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა და განხორციელებაა, შესაბამისად, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვითა და მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, თბილისის მერია ახლაც და მომავალშიც ხელს შეუწყობს ურბანიზაციას, ქალაქის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, — აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისის მერია მოსახლეობას დაჰპირდა, რომ სისტემატურად მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას კონკრეტულად ყაზბეგის №22-ში და სხვა მსგავსი მასშტაბური პროექტების მიმდინარეობის შესახებ.
მანამდე ფერაძემ განაცხადა, რომ შიმშილობას გააგრძელებს იქამდე, სანამ თანამდებობებს არ დატოვებენ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი და მისი მოადგილე ნუგზარ კახნიაური.
„პარტიზან მებაღეებს“ მხარს უჭერენ საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის, ქართველი საოპერო მომღერლები.