თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს მოუწოდებს, საახალწლოდ სახლში არა მოჭრილი ნაძვის ხე, არამედ მისი ნერგი შეიტანონ.
„მოდის ახალი წელი. ხშირ შემთხვევაში სახლებში შეაქვთ მკვდარი ნაძვის ხე. სასურველია, რომ შეიტანოთ ნაძვის ნერგი“, — აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.
ილია მეორემ მრევლს მოუწოდა, ისწავლონ სხვადასხვა მცენარის გახარება.
„ჩვენ ბედნიერი და მდიდარი ვართ იმით, რომ მრავალი მცენარე გვაქვს. ამით სარგებლობენ უცხოეთის ქვეყნები, რომლებსაც მიაქვთ თესლი საქართველოდან და ვრცელდება მსოფლიოში. მაგალითად, სოჭის ხე, რომლითაც მდიდარია რაჭა — საქართველოდან გააქვთ მისი თესლი და შემდეგ იზრდება სხვადასხვა ქვეყანაში. განსაკუთრებით გამოირჩევა დანია. თქვენც შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ“, — ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორემ აღნიშნა, რომ მცენარეთა გამრავლების მსურველებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივ კოლეჯს, რომელიც სამების საკათედრო ტაძართან 10 წლის წინ დაარსდა.