თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ბათუმის ცენტრალურ მოედანს 22-მეტრიანი საახალწლო ნაძვის ხე დაამშვენებს.
„წელს ბათუმს ახალი ნაძვის ხე ექნება, რომელიც ევროპის მოედანზე დაიდგმება. 22-მეტრიანი ნაძვის ხე დიდი ვარსკვლავით, კონუსის ფორმის სათამაშოებით, ბაფთებით, გირლანდებითა და ლედ-ნათურებით მოირთვება“, — ნათქვამია ბათუმის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
7-მეტრიან ნაძვის ხეს, რომელიც ადრე ევროპის მოედანს ამშვენებდა, ლერმონტოვის ქუჩაზე, შინდისის გმირების სახელობის სკვერში გადაიტანენ.
ბათუმის ქუჩები, შენობების ფასადები და სკვერები საახალწლო მანათობელი აქსესუარებითა და გირლანდებით მოირთვება. საახალწლო აქსესუარები დამონტაჟდება იუსტიციის სახლთან, ანბანის კოშკის მოპირდაპირედ, საბაგიროსთან, ევროპის მოედანსა და შინდისის გმირების სახელობის სკვერში.