თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. უეფას შტაბ–ბინაში, ნიონში სამშაბათს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის U-17 და U-19 საკვალიფიკაციო რაუნდის კენჭისყრა გაიმართა, იუწყება ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი.
კენჭისყრის შედეგებით საქართველოს ნაკრები U-17 მე–13 ჯგუფში იტალიის, ლატვიისა და მონტენეგროს ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ამ ჯგუფის ყველა მატჩი 2017 წლის 24–30 ოქტომბერს თბილისში გაიმართება.
საკვალიფიკაციო ტურნირში სულ 13 ჯგუფში გადანაწილებული 52 ნაკრები მონაწილეობს. შემდეგ ეტაპზე (ელიტ–რაუნდში) გადავლენ პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები, ასევე მესამე ადგილზე გასული ხუთი საუკეთესო ნაკრები.
გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებები საკვალიფიკაციო რაუნდისგან გათავისუფლეული არიან და ბრძოლაში პირდაპირ ელიტ–რაუნდიდან ჩაერთვებიან (2018 წლის გაზაფხულზე).
ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატი 2018 წლის ზაფხულში ინგლისში ჩატარდება. ტურნირში, ისტორიაში პირველად, 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
კენჭისყრის შედეგებით საქართველოს U-19 ნაკრები მე–11 ჯგუფში მოხვდა, ჯგუფში მასთან ერთად არიან საფრანგეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ანდორას ნაკრებები.
საკვალიფიკაციო ტურნირი 2017 წლის 8–14 ნოემბერს ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩატარდება. ელიტ–რაუნდში თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო ნაკრები გავა.