თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის 17 წლამდელთა ნაკრები ფინეთის გუნდთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ანგარიშით 0:2 დამარცხდა, ნათქვამია უეფას ვებგვერდზე.
ამ მარცხმა გურამ ასპინძელაშვილის აღსაზრდელებს ტურნირის ელიტ-რაუნდში გადასვლის თეორიული შანსიც კი წაართვა.
მიუხედავად იმისა, რომ ფინელ ფეხბურთელებს სათამაშო და ასევე ტერიტორიული უპირატესობაც ჰქონდათ, ანგარიშის გახსნა მათ მხოლოდ 71-ე წუთზე მოახერხეს, მას შემდეგ, რაც ქართული გუნდი ნაკლები შემადგენლობით დარჩა მინდორზე — მცველი ცოტნე კაპანაძე მეორე ყვითელი ბარათის გამო გააძევეს მოედნიდან.
იცოდნენ რა,რომ ამ შეხვედრაში მარცხი ჯვარს დაუსვამდა ევროპულ კამპანიას, ქართველმა ფეხბურთელებმა ყველა ძალა იღონეს ანგარიშის გასათანაბრებლად, მაგრამ ამის მაგივრად მეორე გოლი მიიღეს საკუთარ კარში. უფრო მეტიც: მინდვრიდან კიდევ ერთი მცველი, გიორგი ჯინჯოლავა გააძევეს და საქაღტველოს ნაკრებმა თამაში 9 ფეხბურთელით დაასრულა.
ამგვარად, საკვალიფიკაციო ჯგუფში ორი ჩატარებული ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბოლო ადგილზე განთავსდა — ჩვენი ნაკრების „აქტივში“ ნული ქულაა.