ორი მეგობარი „ოტელო“...

© courtesy of Zurab Andzhaparidze's familyზურაბ ანჯაფარიძე, დოდო ალექსიძე და ნოდარ ანდღულაძე
ზურაბ ანჯაფარიძე, დოდო ალექსიძე და ნოდარ ანდღულაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენს აივანს ესტუმრება საოცრად ნიჭიერი, განათლებული, კეთილშობილი და ბუხარივით თბილი კაცი, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს, თანაც ბავშვობიდან და რომელიც ჩემთვის გახდა ნამდვილი და უანგარო მეგობრობის სიმბოლო და მაგალითი.

ეს გახლავთ შესანიშნავი ტენორი და პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი, ბატონი ნოდარ ანდღულაძე, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1927 წლის 13 დეკემბერს. მეტსაც გეტყვით, მას მერე, რაც  გავიგე, რომ ბატონი ნოდარი 13 რიცხვშია დაბადებული, 13 რიცხვის არამც თუ აღარ მეშინია, მიყვარს კიდეც.

ფრენკ სინატრა - Sputnik საქართველო
ფრენკ სინატრა: მე ვიცხოვრებ მანამ, სანამ... მოვკვდები

ბატონი ნოდარი დაიბადა შესანიშნავ შემოქმედებით ოჯახში. მისი დედა — მამამთავრიშვილის ქალბატონი, იყო ცნობილი სოპრანო და, თავად ზაქარია ფალიაშვილის შეფასებით, „საუკეთესო ეთერი“. მამა — ბატონი დავით ანდღულაძე გახლდათ გამოჩენილი ტენორი და პედაგოგი, რომელმაც სამი სახელგანთქმული ქართველი ტენორი აღზარდა — ზურაბ ანჯაფარიძე, ზურაბ სოტკილავა და საკუთარი შვილი, ნოდარ ანდღულაძე.

ზურიკო (ანჯაფარიძე) და ნოდარი ბავშვობიდან მეგობრობდნენ. ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ, დღევანდელ პირველ გიმნაზიაში, ორივე მღეროდა. ერთ დღეს ნოდარმა, ზურაბის თხოვნით, ის მამასთან მიიყვანა. პრობლემა კი ის იყო, რომ ზურაბი პედაგოგებს თავიდან რატომღაც ბარიტონი ეგონათ. მან კი განაცხადა, რომ თუ ის ტენორი არ იყო, როგორც თავად თვლიდა, საერთოდ თავს დაანებებდა სიმღერას. ბატონმა დავითმა მოუსმინა სულ ახალგაზრდა მომღერალს და საბოლოო ვერდიქტი გამოიტანა — „რა თქმა უნდა, ტენორია!“ ვერც კი წარმომიდგენია, რა ბედი ეწეოდა ზურიკოს, სიმღერისთვის თავი რომ დაენებებინა. უფრო მეტიც, ბატონი დავითი მისი პედაგოგი გახდა.

ახლა წარმოიდგინეთ — გყავს შვილი ტენორი, აგყავს სამეცადინოდ მისი მეგობარი და ხდები აბსოლუტურად ობიექტური. ანუ, არავითარი პრივილეგია საკუთარ შვილს, არავითარი პროტექცია.

ამერიკელი მსახიობი კირკ დუგლასი - Sputnik საქართველო
„სპარტაკი" 100 წლისაა...

ან კიდევ, ხარ ტენორი, მამა გყავს დავით ანდღულაძე, რომლის ერთი სიტყვაც კი საკმარისია მომავალი ვოკალისტის ბედის გადასაწყვეტად, მიგყავს მასთან სამეცადინოდ შენი მეგობარი, ასევე ტენორი და არავითარი კონკურენცია, პაექრობა და შური.

ზურიკოს და ნოდარს არაჩვეულებრივი მეგობრობა ჰქონდათ. ნოდარს ზურიკო უყვარდა როგორც უფროსს უმცროსი, მხარში ედგა, ამხნევებდა. არა და მათ შორის განსხვავება ერთი წელიც კი არ იყო. მას ზურიკოს წარმატებები ისე უხაროდა, როგორც საკუთარი. ბატონი ნოდარი იმასაც კი ამბობდა, რომ ზურიკო სცენაზე მამამისს დავით ანდღულაძეს გაცილებით უფრო მეტად ჰგავდა, ვიდრე თავად ნოდარი. ზურიკო კი ყოველთვის და ყველგან ხაზს უსვამდა, რომ ნოდარს მასზე გაცილებით ძლიერი ხმა ჰქონდა.

საოცრად მიყვარს ეს სურათი – ყურადღება მიაქციეთ ნოდარის და ზურიკოს ხელებს…

© ზურაბ ანჯაფარიძის ოჯახის არქივიდავით ანდღულაძე, ზურაბ ანჯაფარიძე და ნოდარ ანდღულაძე
დავით ანდღულაძე, ზურაბ ანჯაფარიძე და ნოდარ ანდღულაძე - Sputnik საქართველო
დავით ანდღულაძე, ზურაბ ანჯაფარიძე და ნოდარ ანდღულაძე

ბატონი ნოდარი გამოირჩეოდა კეთილშობილი ბუნებითა და მიმტევებლობით. ის ისეთი სიყვარულითა და სითბოთი საუბრობდა თავის კოლეგებსა და მოწაფეებზე, ისე ლამაზად აფასებდა მათ შემოქმედებას, ყოველთვის ამჩნევდა სხვისთვის შეუმჩნეველ ნიუანსებსა და დეტალებს… თანაც საოცრად ლამაზი და დახვეწილი საუბრის მანერა ჰქონდა – წყნარი, ხმადაბალი, ინტელიგენტური.

ალბათ ცოტა გადავუხვიე მთავარ თემას… ბატონი ნოდარი, პირველ რიგში, საოცარი ტენორი იყო. ძალიან მიყვარდა მის სპექტაკლებზე დასწრება. რაღაც განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა ისეთი, რომ სპექტაკლები, რომლებშიც ის მონაწილეობდა, იმდენად ამაღლებული და აკადემიურად დახვეწილი იყო, რომ თავი მართლა „ლა სკალაში“ ან „მეტროპოლიტენ ოპერაში“ გეგონებოდა. ის სხვანაირად იდგა სცენაზე, სხვანაირად მოძრაობდა და აპლოდისმენტების დროს თავის დაკვრაც კი სხვანაირი იცოდა.

ახლა მინდა შემოგთავაზოთ ბატონი ნოდარის შესრულებით ხოზეს არია ბიზეს ოპერა „კარმენიდან“. მანამდე კი ერთ აზრს გამოვთქვამ: საერთოდ ვერ გავუგე ვერაფერი ამ კარმენს, ქალი რომ ნოდარისნაირ და ზურიკოსნაირ ხოზეს დაიწუნებს, მართლა მოსაკლავია…

როდესაც ზურაბი მოსკოვიდან, დიდი თეატრიდან საქართველოში დაბრუნდა, მე მგონი, ოჯახის წევრებზე არანაკლებად ბატონ ნოდარს გაუხარდა. ზურიკოს ხშირად დავყავდი მასთან სახლში და დღესაც მახსოვს ის საოცარი გრძნობა, რომელიც გეუფლებოდა, როცა მისი კარის ზღურბლს გადააბიჯებდი… ვხვდებოდი ზღაპარში, ბატონი ნოდარი კი იყო ამ ზღაპრის მთლად უფროსი დირექტორი.

სურათი, რომელიც დღევანდელი მასალის თავშია, ძალიან მიყვარს და საკმაოდ თემაატურიცაა. ეს ის პერიოდია, როდესაც ზურიკო და ნოდარი ამზადებდნენ ვერდის „ოტელოს“ პარტიას, რეჟისორი კი  შესანიშნავი დოდო ალექსიძე იყო. და ამ სურათზე ორი „ოტელო“ დეზდემონას ნაცვლად… რეჟისორს ახრჩობს.

სიამოვნებით გთავაზობთ ოტელოს არიას ბატონი ნოდარის შესრულებით.

 

როდესაც ზურიკო გარდაიცვალა, არავისი ნახვა არ მინდოდა. ერთადერთი, ძალიან მომინდა ბატონ ნოდართან მისვლა, რადგან ვიცოდი, რომ იმასაც ძალიან უჭირდა. ავედი მის ბინაში, ისევ გადავაბიჯე ლამაზ ზღურბლს, მაგრამ პირველად ზურიკოს გარეშე. ჩამეხუტა და დიდხანს ვიდექით ასე… მერე დიდხანს მიყვებოდა რაღაცებს ზურიკოზე და ბატონ დავითზე. მე კიდევ მოვუყევი, რომ ზურიკო, ჩემი გაუთავებელი სწავლა–განათლებით დაღლილი, სულ ხუმრობდა ხოლმე – რას აკვდები ამ სწავლას, შენ ნოდარ ანდღულაძის ძმისშვილი ხარ თუ ჩემიო, სკოლაში სამიანზე მაღალი ნიშანი არ მიმიღიაო… მოვესიყვარულეთ ერთმანეთს და წამოვედი. როცა გამოვედი, შევამჩნიე, რომ მის კაბინეტთან მის მოლოდინში იდგნენ მოწაფეები და, სიცივის მიუხედავად (იმ დროს სახლები ფაქტიურად არ თბებოდა), ყველას თეთრი, გახამებული პერანგი ეცვა და „ბაბოჩკებიც“ კი ჰქონდათ გაკეთებული…

ასეა, დიდ მაესტრო ნოდარ ანდღულაძესთან სხვანაირად ჩაცმული ვერ მიხვიდოდი…

ბოლოს კი მინდა მოისმინოთ ქალბატონი ცისანა ტატიშვილისა და ბატონი ნოდარ ანდღულაძის შესრულებით საოცარი დუეტი მასკანის ოპერიდან „სოფლის პატიოსნება“:

ერთი ნამდვილად შემიძლია ვთქვა – სანტუცას და ტურიდუს დუეტს ასე ვერავინ ვერასდროს ვერ ასრულებდა, ვერც ახლა მღერის, მაგრამ აუცილებლად შეასრულებს, თუ ასევე სათუთად და მოწიწებით შეეხება დიდ ხელოვნებას…

გისურვებთ ლამაზ, წარმატებულ და ოპერასავით ამაღლებულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0