ფრენკ სინატრა: მე ვიცხოვრებ მანამ, სანამ... მოვკვდები

© FL/kate gabrielleფრენკ სინატრა
ფრენკ სინატრა - Sputnik საქართველო
გამოწერა

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს თავიდანვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ცოტა ცუდად მოვიქცევით და ოდნავ დავარღვევთ დისციპლინას — სულ რაღაც 100 გრამით. ანუ ჩვენ აივანზე ამოსულებს აუცილებლად მოუწევთ ფართო, სქელძირიან ჭიქებში — ტუმბლერებში ჩამოსხმული საუკეთესო ვისკის Old Pulteney 21 YO-ს გასინჯვა.

გაითვალისწინეთ, რომ ეს ვისკი მსოფლიო რეიტინგში 100 შესაძლებელი ქულიდან 97,5 ქულას აგროვებს და, შესაბამისად, პირველ ადგილზე გადის.

რაღა თქმა უნდა, ვისკის ყინული უხდება, ხოლო მისაყოლებლად, ამბობენ, ყველაზე საუკეთესოა ყველი, ზღვის პროდუქტები (ქაშაყის, ჭიჭყინას და „ვობლას“ გარდა) ან ზეთისხილი.

© AFP 2024ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი ფრენკ სინატრა პარიზის აეროპორტში
ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი ფრენკ სინატრა პარიზის აეროპორტში - Sputnik საქართველო
ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი ფრენკ სინატრა პარიზის აეროპორტში

მაგრამ, რაც მთავარია, ვისკის მირთმევისას ცოტა უნდა გავირბინოთ აქეთ-იქით, რის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი აივანი. და, იცით, რატომ? მხოლოდ გასათბობად კი არა, უბრალოდ, მინდა დაგისაბუთოთ, რამდენად სწორი იყო ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ჰოლივუდის ვარსკვლავი, მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი და შოუმენი, „ოსკაროსანი“ და „გრემის“ პრემიის ცხრაგზის ლაურეატი, აშშ-ის უმაღლესი ჯილდოს — კონგრესის ოქროს მედლის მფლობელი, ლეგენდარული ფრენკ სინატრა, რომელიც ამბობდა, რომ დილით არ ვარჯიშობს და არ დარბის მხოლოდ იმის გამო, რომ ჭიქიდან ვისკი ეღვრება და ყინული მიწაზე უვარდება, და რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1915 წლის 12 დეკემბერს აშშ-ის ქალაქ ჰობოკენში.

ახლა კი, ვისკის, ბუნებრივია, შესაბამისი სიმღერა მოუხდება, ოღონდ მისამღერის დროს ვისკი არ დაგეღვაროთ.

ფრენკ სინატრა დაიბადა აშშ-ში იტალიიდან ჩასული ემიგრანტების ოჯახში. მისი დაბადების პროცესი იყო საკმაოდ რთული, რადგან ფრენკი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა დახვეწილად თხელი აღნაგობით, სრულ 6 კილოგრამს იწონიდა. დაბადების შემდეგ მან ხმა არ ამოიღო და ექიმი ოთახიდან თავჩაღუნული გავიდა. ფრენკის ბებიამ კი ბავშვი ხელში აიყვანა, მკერდზე ხელი მიარტყა და ფრენკი… ამღერდა. მისი მამა — მარტინ სინატრა წარმოშობით სიცილიიდან იყო და ამერიკაში ჩასვლის შემდეგ ჯერ კრივის ტურნირებში მონაწილეობდა და საკმაოდ სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწია ადგილობრივი მასშტაბით, შემდეგ კი მეხანძრედ დაიწყო მუშაობა.

© AFP 2024მომღერალი ფრენკ სინატრა მეუღლე ბარბარასთან ერთად რონალდ რეიგანის აშშ-ის პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონიაზე
მომღერალი ფრენკ სინატრა მეუღლე ბარბარასთან ერთად რონალდ რეიგანის აშშ-ის პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონიაზე - Sputnik საქართველო
მომღერალი ფრენკ სინატრა მეუღლე ბარბარასთან ერთად რონალდ რეიგანის აშშ-ის პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონიაზე

ფრენკის დედა დოლი კი წარმოშობით გენუიდან ბრძანდებოდა, პოლიტიკით იყო დაინტერესებული და ის ჰობოკენეს დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედაც კი აირჩიეს. ამის გამო დოლი ოჯახს სათანადო ყურადღებას ვეღარ აქცევდა და პატარა ფრენკს ბებია ზრდიდა, რომელსაც ეხმარებოდა მათი მეზობელი, ებრაელი ქალბატონი გოლდენი. ეს გოლდენი კი ფრენკს ისე უყვარდა, რომ მომავალში ყოველთვის გამორჩეულად უჭერდა მხარს ისრაელსა და ებრაელ ხალხს.

1931 წელს ფრენკ სინატრა „საშინელი ყოფაქცევის“ გამო სკოლიდან გარიცხეს და ამით დამთავრდა მისი განათლება. სხვათა შორის, მას არც მუსიკალური განათლება არ მიუღია. ის ყოველთვის მღეროდა სმენით და არ იცოდა ნოტების კითხვა. მაგრამ „ზემოდან“ მომადლებულ ნიჭს ვერსად გაექცევი. 13 წლიდან ფრენკი უკულელეს (4-სიმიანი პატარა ჰავაური ინსტრუმენტი) თანხლებით გამოდიოდა ქალაქის ბარებსა და რესტორნებში. 1933 წელს ის თავისი კერპის ბინგ კროსბის კონცერტს დაესწრო და საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მომღერალი გახდებოდა.

ფრენკ სინატრა და ავა გარდნერი - Sputnik საქართველო
სიყვარული, რომელიც კორიდას ჰგავდა...

1938 წელს ფრენკ სინატრამ ხელი მოაწერა პირველ პროფესიულ კონტრაქტს, მისი პირველი ჩანაწერი კი გახდა სიმღერა From the Bottom of My Heart. აღსანიშნავია, რომ ამ სიმღერის 8000 ასლი გაკეთდა და დღეს თითოეული მათგანი საპატიო ადგილს იკავებს მსოფლიოს ცნობილი კოლექციონერების კოლექციებში.

1940-იან წლებში სინატრას პოპულარობამ ჰოლივუდამდეც მიაღწია და ის პირველ მიუზიკლებში გადაიღეს. საერთოდ, ფრენკ სინატრა 50-ზე მეტ ფილმში მონაწილეობდა, ხოლო 1953 წელს მიიღო „ოსკარი“ ფილმისთვის „დღეიდან და სამუდამოდ“, სადაც ჯარისკაც ენჯელო მაჯიოს როლს ასრულებდა.

მაგრამ, ალბათ, ყველაზე დიდი მონაპოვარი და განძი, რაც ფრენკმა დაგვიტოვა, მაინც მისი სიმღერებია. მგონი არ არსებობს ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ მოესმინოს მისი განუმეორებლად მომხიბვლელი და ხავერდოვანი ხმით და არანაკლებ ხავერდოვანი გულით შესრულებული Come Fly with Me, Let it snow, Fly Me to the Moon, New York, New York, Blue Moon, My Way და, რაღა თქმა უნდა, შეუდარებელი და უბერებელი Strangers in the night.

ამ ლირიკულ ტალღაზე მოგახსენებთ, რომ ფრენკ სინატრა ოთხჯერ იყო დაქორწინებული. 1939 წელს მან ცოლად შეირთო თავისი პირველი სიყვარული ნენსი ბარბატო და მათ სამი შვილი გაუჩნდათ. 1951 წელს სინატრა და ნენსი დაშორდნენ ერთმანეთს და იმავე წელს ფრენკმა ცოლად მოიყვანა შეუდარებელი ავა გარდნერი. ეს იყო განუმეორებელი წყვილი, მაგრამ 1957 წელს ისინი მაინც დაშორდნენ ერთმანეთს. 1966 წელს სინატრას მეუღლე გახდა მასზე 29 წლით უმცროსი მსახიობი მია ფეროუ, რომელსაც ის ორი წლის შემდეგ დასცილდა. ფრენკის ბოლო მეუღლე კი, რომელთანაც მან მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება გაატარა, ბარბარა ბარქსი გახდა.

© AFP 2024ფრენკ სინატრა საკუთარ შვილებთან, ფრენკ უმცროსთან და ნენსისთან ერთად ჰოლივუდში, 1954 წელი
ფრენკ სინატრა საკუთარ შვილებთან, ფრენკ უმცროსთან და ნენსისთან ერთად ჰოლივუდში, 1954 წელი - Sputnik საქართველო
ფრენკ სინატრა საკუთარ შვილებთან, ფრენკ უმცროსთან და ნენსისთან ერთად ჰოლივუდში, 1954 წელი

ისე კი, ფრენკს ეკუთვნის ერთი ცნობილი ფრაზა:

„მამაკაცისთვის ქორწინების იდეალური ასაკია 90 წელი, სიკვდილამდე ორი წუთით ადრე“.

ფრენკ სინატრამ თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის 50 წლის განმავლობაში ჩაწერა ასამდე პოპულარული დისკი, შეასრულა აშშ-ის ყველაზე ცნობილი კომპოზიტორების — გერშვინის, პორტერის, ბერლინის ნაწარმოებები.

სხვათა შორის, ის აქტიურად იყო ჩაბმული პოლიტიკაშიც. 1960 წელს მხარს უჭერდა პრეზიდენტ კენედის, ხოლო 1980 წელს — რონალდ რეიგანსა და მის საპრეზიდენტო კამპანიას 4 მილიონი დოლარი შესწირა.

ფრენკ სინატრა თითქმის ბოლო დღემდე ეწეოდა აქტიურ ცხოვრებას. 1993 წელს, 78 წლისამ გამოსცა ბოლო ალბომი „დუეტები“, სადაც მას პარტნიორობას უწევდნენ სხვადასხვა ვარსკვლავები. მათ შორის, საოცარი ბარბარა სტრეიზანდი.

ფრენკის ბოლო გამოსვლა სცენაზე შედგა 1995 წელს, პალმ-სპრინგსის გოლფის ტურნირზე.

1998 წლის 14 მაისს კი ფრენკ სინატრა გულის შეტევით გარდაიცვალა…

მან ულამაზესი და ბრწყინვალე ცხოვრება განვლო. მას ბევრჯერ ატკინეს გული, იმედგაცრუებულიც ხშირად ყოფილა, მაგრამ… ეს იყო მისი ცხოვრება, მისი გზა.

მოდით, მოვისმინოთ ფრენკ სინატრას შესრულებით სიმღერა My Way, რომელიც ყოველთვის გულის ბოლომდე ჩადის ხოლმე და უკან აღარ ამოდის — იქ რჩება და გვათბობს.

ბოლოს კი მინდა დავასრულო ფრენკ სინატრას არაჩვეულებრივი ფრაზით:

„თუ თქვენ ფლობთ რაღაცას, რისი გაცემაც არ შეგიძლიათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ კი არ ფლობთ მას, არამედ ის გფლობთ თქვენ“.

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და წარმატებულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0