„სპარტაკი" 100 წლისაა...

© AFP 2024ამერიკელი მსახიობი კირკ დუგლასი
ამერიკელი მსახიობი კირკ დუგლასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს დავარღვევ ტრადიციას და ყოველგვარი პრელუდიის გარეშე, ჩვენ აივანზე ერთი საოცარი კაცის ამოსვლის წინ, მისი საყვარელი სიბრძნით დავიწყებ:

„შესაძლებელია, გარდაცვალების შემდეგ თქვენ აღმოჩნდეთ ერთი წვერებიანი სოლიდური კაცის წინ, რომელიც მეფურად არის უზარმაზარ ტახტზე დაბრძანებული.

თქვენ იმედიანად შეეკითხებით მას – „ეს სამოთხეა“?

მას კი გაეღიმება და გიპასუხებთ:

„სამოთხე? როგორ გეკადრებათ! თქვენ ხომ ამ წუთში იქიდან მობრძანდით“…

ამ სიტყვის ავტორს ასე რომ უყვარს ცხოვრება და დედამიწაზე გატარებული წამები, წუთები, საათები, დღეები და წლები, უამრავი გადალახული სირთულის მიუხედავად, მაინც სამოთხედ რომ მიაჩნია, ალბათ, ამიტომაც ის დღეს დაბადებიდან 100 წლისთავს ზეიმობს.

ეს გახლავთ ჰოლივუდის „ოქროს ხანის“ კინოვარსკვლავი, პროდუსერი, მწერალი, ფილანტროპი, აშშ-ის სახელმწიფო დეპრტამენტის კეთილი ნების ყოფილი ელჩი, საპატიო „ოსკარის“ მფლობელი და, ბოლოს, როგორც თვითონ ამბობს ხოლმე, მაიკლ დუგლასის მამა — კირკ დუგლასი, რომელიც დაიბადა ზუსტად 100 წლის წინ  – 1916 წლის 9 დეკემბერს.

საინტერესოა, რომ ის თავისი ლამაზი და ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში ორჯერ არის ბეწვზე გადარჩენილი.

1991 წელს ვერტმფრენი, რომელშიც 74 წლის კირკ დუგლასი იმყოფებოდა, ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი კირკის გარდა.

1996 წელს კირკ დუგლასს დაემართა ინსულტი და წაერთვა ფაქტიურად ყველა სასიცოცხლო ფუნქცია. ექიმების აზრით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ კირკი არ იცავდა ამერიკელებისთვის ჩვეულ ჯანმრთელი ცხოვრების წესს – დღეში ორ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა და საერთოდ არ აკონტროლებდა წნევას. არავის ეგონა, რომ ის გადარჩებოდა, მაგრამ ცოტა ხანში მას აღუდგა თითქმის ყველა ფუნქცია. მხოლოდ საუბარი შეუნელდა, რაზეც კირკმა იხუმრა კიდეც: „მერე რა, რომ ინსულტის გამო მეტყველების დეფექტი მაქვს, მოსესაც ასე ჰქონდა და რაში შეუშალა ხელი?“ 

© AFP 2024 / RALPH GATTI კირკ დუგლასი კანის ფესტივალზე
კირკ დუგლასი კანის ფესტივალზე - Sputnik საქართველო
კირკ დუგლასი კანის ფესტივალზე

სწორედ მისმა ასეთმა ოპტიმიზმმა გადაარჩინა და ის იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ იმავე წელს იდგა სხვა „ოსკაროსნებთან“ ერთად სცენაზე, სადაც სამადლობელი სიტყვაც წარმოთქვა საპატიო ჯილდოს მიღების დროს.

2001 წელს გოლფის თამაშის დროს კირკი კვლავ მოხვდა საავადმყოფოში, და ამის მიუხედავად ის რამდენიმე დღეში უკვე ამზადებდა როლს ახალი ფილმისთვის. ეს იყო კომედია „ყველაფერი იწყება ოჯახით“, რომელშიც კირკი თამაშობს თავის შვილ მაიკლთან და შვილიშვილთან – კამერონ დუგლასთან ერთად.

შარშან კი, ზუსტად ამ დღეს 99 წლის კირკმა თავის მეუღლე ენისთან ერთად 15 მილიონი დოლარი შესწირა ალცჰეიმერის სენით დაავადებულებისთვის ახალი ცენტრის მშენებლობას. აღსანიშნავია, რომ ცენტრის მშენებლობა 35 მილიონი დოლარი ჯდებოდა და კირკის ამ ნაბიჯის შემდეგ ჰოლივუდის სხვა მსახიობებმა რამდენიმე დღეში შეიტანეს დანარჩენი თანხა.

კინაღამ მთავარი გამომრჩა — 2004 წელს კირკმა მეორედ იქორწინა თავის მეუღლე ენ ბაიდენსზე. მან ასე გადაწყვიტა აღენიშნა მათი პირველი ქორწინების 50 წლისთავი და, რაც მთავარია, თავიდან დაუსვა ენის შეკითხვა – „არის თუ არა ის თანახმა, გაჰყვეს მას ცოლად?“ ამბობენ, როდესაც ენმა თანხმობა მისცა, კირკმა ისეთი ქორწილი გადაიხადა, მაიკლ დუგლასისა და კეტრინ ზეტა-ჯონსის სახელგანთქმულ ქორწილს არაფრით ჩამოუვარდებოდაო.

© AFP 2024 / VALERIE MACONკირკ დუგლასი და მისი მეუღლე
კირკ დუგლასი და მისი მეუღლე - Sputnik საქართველო
კირკ დუგლასი და მისი მეუღლე

მე ნანახი მაქვს კირკ დუგლასის სულ რამდენიმე ფილმი. საოცრად მომწონს ის ფილმში „ჩემპიონი“. ის, რაღა თქმა უნდა, შეუდარებელია „სპარტაკში“, მაგრამ უბრალოდ გთხოვთ, თუ მართლა გინდათ, მიხვდეთ, რამდენად დიდი იყო კირკ დუგლასი, აუცილებლად ნახეთ ის ვან-გოგის როლში ისტორიულ ფილმში „ცხოვრების წყურვილი“. სხვათა შორის, ამ ფილმში მას პარტნიორობას უწევს ენტონი ქუინი, რომელიც პოლ გოგენს ასახიერებს.

კირკ დუგლასი ყოველთვის იყო და დღემდე რჩება ოპტიმისტად, საოცრად ხელგაშლილ და კეთილისმსურველ ადამიანად. ყოველთვის პრინციპულია და არასდროს არ გადაუხვევია თავისი მიზნებისგან.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას მას სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უარი უთხრეს ცუდი მხედველობის გამო. მაშინ მან შეიძინა წიგნი, სადაც თვალების ვარჯიშები იყო აღწერილი და ერთ თვეში უკვე აშშ-ის ფლოტში მსახურობდა.

კირკი განთქმულია თავისი საოცარი ინტუიციით. ბევრმა არ იცის, რომ ჩვენი საყვარელი ფილმი „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ ვერასდროს შეიქმნებოდა, 1962 წელს კირკ დუგლასს რომ ამ ნაწარმოების კინოვერსიაზე უფლება არ შეეძინა. როდესაც ის მიხვდა, რომ არაფერი გამოსდის, მან ეს უფლება მაიკლ დუგლასს გადასცა, რომელმაც ფაქტიურად გვაჩუქა ეს შესანიშნავი ფილმი. ხოლო თავად კირკი  მაკმერფის როლს ბროდვეის სპექტაკლში თამაშობდა.

© AFP 2024 / LUCY NICHOLSONკირკ დუგლასი და მაიკლ დუგლასი
კირკ დუგლასი და მაიკლ დუგლასი - Sputnik საქართველო
კირკ დუგლასი და მაიკლ დუგლასი

კირკ დუგლასი 17 წიგნის ავტორია. მას ჩამოყალიბებული აქვს რჩევები მათთვის, ვისაც ცხოვრების გახანგრძლივება სურს. მხოლოდ რამდენიმეს შემოგთავაზებთ:

— როდესაც საქმე ცუდად მიგდის, გახსოვდეს, რომ ყველაფერი უარესადაც შეიძლება ყოფილიყო;

— არასდროს არ დანებდე და არ ჩამოუშვა ხელები. იმუშავე შენს სხეულზე, გონებაზე და საერთოდ ცხოვრებაზე;

— არ შეგრცხვეს საკუთარი ნაკლების. ნაკლი ყველას გააჩნია, უბრალოდ ეცადე მათ გამოსწორებას;

— გააგდე შენგან დეპრესია. ცუდად რომ ხარ, იფიქრე იმაზე, როგორ დაეხმარო სხვას;

— არ ილოცო იმისთვის, რომ ღმერთმა გამოგაჯანმრთელოს. ილოცე იმაზე, რომ ღმერთმა გასწავლოს, როგორ გამოიჯანმრთელო თავი.

ხომ ფანტასტიკური სიტყვებია…

ახლა კი თქვენთვის სიურპრიზი მაქვს: მეთოდი, რომლითაც კირკ დუგლასმა, ბოლოს და ბოლოს, თავი დაანება მოწევას.

ჯიბით უნდა ატაროთ სიგარეტის სავსე კოლოფი. არაფრით არ შეიძლება მისი გადაგდება ან გადამალვა. როდესაც ძალიან მოგინდებათ მოწევა, უნდა ამოიღოთ სიგარეტი, „ჩახედოთ თვალებში“ და შეეკითხოთ მას: „ვინ არის უფრო ძლიერი, შენ თუ მე?“ მერე დაასკვნათ, რომ სიგარეტზე ძლიერი ხართ და უკან ჩაიდოთ ჯიბეში… და ასე ყოველ ამოღებაზე. მთავარია, არ დაგეზაროთ და ციკლი არ შეწყვიტოთ.

რა ვიცი, მე, მაგალითად, ვეცდები. თანაც კირკი ამტკიცებს, რომ ეს მეთოდი მას ასწავლა მამამ, რომელმაც ასევე დაანება თავი მოწევას.

ბოლოს დავამატებ, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში კირკმა გაიხსენა ეპიზოდი ფილმიდან „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, როდესაც მთავარი გმირი – მაკმერფი, რომელსაც ჯეკ ნიკოლსონი თამაშობს, ცდილობს იატაკიდან ონკანის ამოგლეჯას, არ გამოსდის, მაგრამ ამბობს – ხომ ვეცადე მაინცო. ამას კირკმა დაამატა: „ვფიქრობ, ეს სიტყვები მოუხდებოდა ჩემი ცხოვრების აღწერას“… 

ვუსურვოთ შესანიშნავ მსახიობს და ადამიანს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე!

მე კი გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ, წარმატებულ დღეს და მომავალ უქმეებს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0