თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კონკურენციის სააგენტო შეისწავლის რუსული კომპანია Яндекс.Такси-ს საქმიანობას, რომელსაც დემპინგში ადანაშაულებენ, განუცხადა ჟურნალისტებს სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა.
ფასების ხელოვნურად შემცირებაში Яндекс.Такси-ს ტაქსის თბილისური სამსახური „200–200“ ადანაშაულებს. კომპანია მის წინააღმდეგ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში ხელმეორე საჩივარს ამზადებს. პირველი საჩივარი კონკურენციის სააგენტოში რამდენიმე დღის წინ შევიდა, მაგრამ ის არ მიიღეს, რადგან საჩივარი ელექტრონული და არა წერილობითი სახით უნდა ყოფილიყო წარდგენილი.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ ვთხოვეთ, დააზუსტონ საკუთარი საჩივარი, უკვე დავიწყეთ წინაწარი სამუშაოები. ჩვენ დავუკავშირდით მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის სომხეთის შესაბამის სამსახურებს და შევისწავლით საკითხს ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც გააჩნია კონკურენციის სააგენტოს“, — განაცხადა ხადურმა.
იმისთვის, რომ Яндекс.Такси-ს მიმართ ბრალდება დადასტურდეს ან უარყოფილ იქნას, საჩივარი უნდა შევისწავლოთ, აღნიშნა მან.
„დანარჩენზე საუბარი ნაადრევია. მხოლოდ ერთი უნდა ითქვას, რომ დაცული უნდა იყოს ყველა მხარის უფლება“, — აღნიშნა ხადურმა.
კითხვაზე, სარგებლობს თუ არა ის Яндекс.Такси-ს მომსახურებით, ხადურმა აღნიშნა, რომ არ სარგებლობს.
საჩივარს რა შედეგები მოჰყვება, ჯერჯერობით უცნობია. მაგრამ ფაქტია, რომ კანონში „კონკურენციის შესახებ“ ცნება „დემპინგი“ არ არსებობს. კანონში არის მხოლოდ მუხლი „დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება“.
Яндекс.Такси კომპანია Яндекс-ის კუთვნილი სერვისია, რომელიც საშუალებას იძლევა, ტაქსი დისპეტჩერთან დაკავშირების გარეშე გამოიძახოთ და შეკვეთის შესრულებას რუკაზე ადევნოთ თვალი. ტაქსის შეკვეთა შესაძლებელია ვებ-გვერდზე ან სმარტფონების მობილური დანართის საშუალებით. სერვისი 2011 წლის ოქტომბერში ამუშავდა.
ამჟამად თბილისის გარდა Яндекс.Такси მუშაობს მოსკოვში, კიევში, მინსკში, ერევანში, ალმათსა და სხვა ქალაქებში.
თბილისში პარასკევს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებისთვის რიგით მეორე სემინარი მიმდინარეობს, რომელშიც ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ. შეხვედრის ფარგლებში განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა კონკურენციის ადვოკატირება, საქართველოს ეკონომიკური ზრდა, „კონკურენციის შესახებ“ კანონის მიზნები და სხვა.
პროექტს, დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებენ ამერიკული კომპანია IOS Parnters, Inc და მათი პარტნიორი Dicidendi Consultants.