Яндекс.Такси-ს საქართველოში დემპინგში ადანაშაულებენ

CC BY 2.0 / Leonid Mamchenkov / Taxiტაქსის ტრაფარეტი
ტაქსის ტრაფარეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსული კომპანია Яндекс.Такси საქართველოში ფასების ხელოვნურ შემცირებაში დაადანაშაულეს, რის გამოც ტაქსის სხვა სერვისები ზარალს განიცდიან.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ტაქსის თბილისური სამსახური „200–200“ რუსულ კომპანია Яндекс.Такси-ს დემპინგში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში ხელმეორე საჩივარს ამზადებს, განუცხადა „Sputnik საქართველოს“ კომპანია „200–200“-ის დირექტორმა ნიკოლოზ ხოფერიამ.

პირველი საჩივარი კონკურენციის სააგენტოში რამდენიმე დღის წინ შევიდა, მაგრამ ის არ მიიღეს, რადგან საჩივარი ელექტრონული და არა წერილობითი სახით უნდა იყოს წარდგენილი.

„თუ მგზავრის გადაყვანა, მაგალითად, 2,5-3 ლარი ჯდება, Яндекс.Такси მგზავრისგან 40 თეთრიდან 1,2 ლარამდე იღებს. ამით ხდება მისი მოსყიდვა, რათა გარკვეული ბაზა შეიქმნას“, — ამტკიცებს ხოფერია.

ტაქსი - Sputnik საქართველო
ქართველმა სტუდენტმა "Яндекс. Такси"-ს ფოტოსათვის თანხის გადახდა აიძულა

გარდა ამისა, რუსულ კომპანიას ტაქსის მძღოლები, რომლებსაც საკუთარი ავტომობილი ჰყავთ, თავისთან მიჰყავს და თითოეულ გამოძახებაზე მათ დამატებით 4 ლარს უხდის, აღნიშნა მან.

„გამოდის, რომ მგზავრი თვითღირებულების მესამედს იხდის, ხოლო კომპანია, თავის მხრივ, საბაზრო ფასზე უფრო მეტს ამატებს. მთლიანობაში მძღოლი 6-7 ლარს იღებს. ჩვენთან კი ტაქსის მძღოლს 3 ლარს უხდიან“, — აღნიშნა ხოფერიამ.

შედეგად, კომპანია „200–200“-მა მძღოლების დაახლოებით 70% დაკარგა, ამის გამო მას თანამშრომლების შემცირება მოუწია.

„მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა. Яндекс.Такси საკუთარი ავტოპარკის შექმნაზე მუშაობს. ამ მიზნით რამდენიმე ავტომობილი იყიდა. მოგვიანებით კომპანია გადაბირებულ ავტომანქანიან მძღოლებს თავისი მძღოლებით ჩაანაცვლებს, იმ დროისთვის კი ქართული კომპანიები ან გაქრებიან ბაზრიდან, ან Яндекс.Такси-ს კონკურენციას ვერ გაუწევენ“, — დაასკვნა ხოფერიამ.

საჩივარს რა მოჰყვება, ჯერჯერობით უცნობია. მაგრამ ფაქტია, რომ კანონში „კონკურენციის შესახებ“ ცნება „დემპინგი“ არ არსებობს. კანონში არის მხოლოდ მუხლი „დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება“.

ტაქსი - Sputnik საქართველო
ყოფნა-არყოფნა – Яндекс.Такси საქართველოში

კომპანია Яндекс.Такси, რომელიც საქართველოში 23 აგვისტოდან მუშაობს, ყურადღების ცენტრში პირველად არ მოექცა. კომპანიის გამოჩენას ქართულ ბაზარზე ბევრი მოქალაქე უარყოფითად შეხვდა, რადგან „იანდექს-რუკაზე“ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იყო დატანილი.

სოციალური ქსელების ქართველმა მომხმარებლებმა ჩათვალეს, რომ რუსული კომპანია არღვევს კანონს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და ამ ქვეყანაში ოპერირების უფლება არა აქვს.

მოგვიანებით რუსულმა კომპანია Яндекс-მა თავისი რუკები ქართველი მომხმარებლისთვის შეცვალა, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი დღემდე უარს ამბობს ამ კომპანიის მომსახურებაზე.

Яндекс.Такси კომპანია Яндекс-ის კუთვნილი სერვისია, რომელიც საშუალებას იძლევა, ტაქსი დისპეტჩერთან დაკავშირების გარეშე გამოიძახოთ და შეკვეთის შესრულებას რუკაზე ადევნოთ თვალი. ტაქსის შეკვეთა შესაძლებელია ვებ-გვერდზე ან სმარტფონების მობილური დანართის საშუალებით. სერვისი 2011 წლის ოქტომბერში ამუშავდა.

ამჟამად თბილისის გარდა Яндекс.Такси მუშაობს მოსკოვში, კიევში, მინსკში, ერევანში, ალმათსა და სხვა ქალაქებში.

ყველა ახალი ამბავი
0