თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას საბანკო სექტორისა და ფინანსური ინსტიტუტების მისამართით უსაფუძვლო ბრალდებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ განმარტა მთავრობის მიერ დაგეგმილი ზომები, რომლებიც რეფორმის განხორციელებისთვის აუცილებელია და ამ პროცესში საბანკო სექტორის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ბანკები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ძალზე მნიშვნელოვანი ჯგუფია და ნებისმიერ უარყოფით, უფრო მეტიც, უსაფუძვლო ბრალდებებს ამ მიმართულებით სერიოზული უარყოფითი შედეგი ექნება. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვისაც ხშირად ვხედავთ ტელეეთერში, ამ მიმართულებით მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა პარასკევს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
მისი სიტყვებით, კრიტიკა უცხო არავისთვისაა, მით უმეტეს, მთავრობისთვის, მაგრამ როდესაც საუბარი ფინანსურ ინსტიტუტებზე მიდის, საჭიროა თავშეკავება.
ამასთან, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „ ქართული საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია ჩვენს რეგიონში და არამარტო“.
„ჩვენ ბოლომდე ვენდობით ჩვენს საბანკო სექტორს, მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს ერთმანეთთან. არამარტო საბანკო სისტემის, არამედ კერძო სექტორისა და ბიზნესის მონაწილეობა რეფორმირების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ჩვენ ვაფასებთ ამას“, — აღნიშნა პრემიერმა.