2003 წლის ნოემბერში გაერომ ამ ბოროტებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეც კი დააწესა და მას შემდეგ კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 9 დეკემბერს აღინიშნება.
ისე დაემთხვა, რომ სწორედ ამ დროიდან საქართველომ მექრთამეობას ნამდვილი ომი გამოუცხადა — დაიწყო ჩინოვნიკების საჩვენებელი დაკავებები, გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლები.
ამჟამად საქართველოს, კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში 1-ლი, ხოლო მსოფლიოში 48-ე ადგილი უჭირავს. ინდექსს ყოველწლიურად საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International-ი აქვეყნებს.
შედარებისთვის: 2003 წელს, პირველ რეიტინგში საქართველოს მსოფლიოში 127-ე ადგილი ერგო, ახლა ამ ადგილს იყოფენ ირანი, ნეპალი და უკრაინა.
თუმცა, რეიტინგში ასეთი მაღალი მაჩვენებელი სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოში კორუფცია აღმოიფხვრა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2016 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში გამოავლინეს კორუფციის 29 შემთხვევა (მოსახლეობა — 3,7 მლნ).
მექრთამეები
სტატისტიკით, მექრთამეობა საქართველოში იშვიათი მოვლენაა. ძირითადად, ესაა ჩინოვნიკების მიერ ქრთამის აღების შემთხვევები უძრავი ქონების შეძენაში დახმარების სანაცვლოდ.
ყველაზე დიდი ქრთამი 2016 წელს 60 ათასი ლარი იყო. ქრთამის აღებაში სიღნაღის რაიონის საკრებულოს ორი წევრი ამხილეს, რომლებიც მოქალაქეს იმ მიწის ნაკვეთის 1 ლარად შეძენაში დახმარებას დაჰპირდნენ, რომელიც ქალაქ სიღნაღის მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა.
ქრთამის აღების ფაქტზე დაიჭირეს თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე. ის ბიზნესმენს დაჰპირდა, რომ აუქციონზე დაჩქარებული წესით გაიტანდა დედაქალაქში მდებარე მიწის ნაკვეთს. ამისთვის მან 50 ათასი ლარი მოითხოვა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მან წინასწარ 10 ათასი ლარი მიიღო.
მექრთამეები იპოვეს საქართველოს შსს-შიც. დაცვის პოლიციის თანამშრომელმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ოქროს ნაკეთობათა შემოტანისთვის მოქალაქეს 5 ათასი ლარი მოსთხოვა.
საქართველოში ნარკოტიკების შემოტანაში დახმარებისა და ქრთამის გამოძალვის ბრალდებით შსს-ს კიდევ ერთი წარმომადგენელი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი დააკავეს. ამ შემთხვევაში ქრთამის თანხა არ დაუსახელებიათ.
საქართველოში ქრთამის აღება 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ხოლო ქრთამის მიცემა — ჯარიმით ან 3 წლამდე ვადით პატიმრობით.