თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის კუთვნილი შპს „ავტოსერვისი 2016“-ის დირექტორი დააკავა, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მერიის ბალანსზე არსებული, ავტო-ტექმომსახურებისთვის გათვალისწინებული ფართის მოქალაქისთვის სარგებლობაში გადაცემის სანაცვლოდ ერთ-ერთი საწარმოს წარმომადგენელს ქრთამის სახით გამოართვა 2 000 ლარი. საგამოძიებო სამსახურმა თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.