პრემიერმა კორუფციასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებები აღნიშნა

გამოწერა
კორუფციასთან ეფექტური ბრძოლის ერთ-ერთ ნათელ მაგალითად პრემიერმა კვირიკაშვილმა იუსტიციის სახლების შექმნა დაასახელა.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოში კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული შედეგები რევოლუციის ტოლფასია, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში ანტიკორუფციულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

„საქართველოს მიერ კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, შესაძლოა, რევოლუციური ვერ ვუწოდოთ, მაგრამ შედეგები მართლაც რევოლუციის ტოლფასია“, — განაცხადა კვირიკაშვილმა. მისი გამოსვლის ტექსტი მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოში იუსტიციის სახლების შექმნა, რომლებიც „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მუშაობენ. იქ უმოკლეს ვადებში აფორმებენ და გასცემენ დოკუმენტებს — პასპორტებიდან დაწყებული, სხვადასხვა ცნობების ჩათვლით საწარმოს რეგისტრაციისა თუ გარიგების გაფორმების შესახებ.

მუშაობის ასეთ პრინციპს კორუფციის რისკი მინიმუმამდე დაჰყავს, რომლის დონე ისედაც დაბალია საქართველოში, აღნიშნა კვირიკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლები საქართველოში წინა ხელისუფლების დროს გაჩნდა.

ვახტანგ გორგასალის ძეგლი თბილისში - Sputnik საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაცია: საქართველო კვლავ რჩება ელიტარული კორუფციის რისკის ქვეშ

გარდა ამისა, სახელმწიფო მოხელეები ქონების დეკლარირებას რეგულარულად აწარმოებენ. შესაბამისი ორგანოები მონაცემთა სანდოობას ამოწმებენ და კორუფციის ფაქტებზე რეაგირებას ახდენენ.

ამ შედეგებით საქართველოს მსოფლიო ანტიკორუფციულ რეიტინგებში წამყვანი პოზიციები უკავია, აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ანტიკორუფციული სამიტი ლონდონში 12 მაისს გაიხსნა. მასში მონაწილეობენ ავღანეთის, კოლუმბიისა და ნიგერიის პრეზიდენტები, ასევე მსოფლიოს კიდევ დაახლოებით 40 ქვეყნის წარმომადგენელი.

ფორუმი ბრიტანეთში პირველად ტარდება. ის მოწოდებულია აჩვენოს გაერთიანებული სამეფოსა და მთელი მსოფლიო თანამეგობრობის ერთგულება კორუფციასთან ერთობლივ ბრძოლაში.

ყველა ახალი ამბავი
0