თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ურუგვაელ კოლეგასთან ტაბარე ვასკესთან ერთად ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.
ლიდერების შეხვედრა ღია მმართველობის მეოთხე გლობალური სამიტის (OGP) ფარგლებში შედგა, რომელიც პარიზში 7-9 დეკემბრის პერიოდში იმართება.
შეხვედრის დასაწყისში მარგველაშვილმა ვასკესს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის. საუბარი შეეხო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე — აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (ცხინვალის რეგიონი) შექმნილ ვითარებას, განაცხადეს საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურში.
გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა ურუგვაელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. დოკუმენტი აღიარებს საქართველოს ტერიტორიაზე დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა, და მათი შთამომავლების საკუთარ სახლებში ღირსეულად დაბრუნების უფლებას მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო დაინტერესებულია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებით, მათ შორის ტურიზმისა და ბიზნესის სფეროებში.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო —ეკონომიკური ურთიერთობები გაფართოვდება, რაც ხელს შეუწყობს საერთო ინტერესების სფეროებში ურთიერთობების აქტივიზაციას.
საქართველოსა და ურუგვაის შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის 11 მაისს დაიწყო. ქვეყნები მართავენ პოლიტიკურ კონსულტაციებს, მუშაობენ ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე. მხარეები ასევე აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა ორგანიზაციების ფარგლებში მრავალმხრივ ფორმატში.