საქართველო ღია მმართველობის გლობალურ სამიტში მონაწილეობს

გამოწერა
2017 წლიდან ორგანიზაცია „ღია მმართველობის“ თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო გახდება. ეს ორგანიზაცია ხელს უწყობს ადმინისტრაციული პროფესიონალიზმის და ღია სამოქალაქო კონტროლის განვითარებას.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას იღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მეოთხე გლობალური სამიტის მუშაობაში.

ღონისძიებაში, რომელიც 7-9 დეკემბერს პარიზში ტარდება, მონაწილეობას მიიღებს 70 ქვეყნის დაახლოებით სამი ათასი მაღალი თანამდებობის პირი. საქართველოდან, პრეზიდენტის გარდა, სამიტის მუშაობაში მონაწილეობენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ქალაქის თვითმმართველობების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა. გიორგი მარგველაშვილი სამიტის მონაწილე პარტნიორებს სიტყვით მიმართავს და ღია მმართველობის განსახორციელებლად საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრებს, აღნიშნეს სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურში.

ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
ევროკავშირი საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმისთვის 30 მლნ ევროს გამოუყოფს

საქართველო OGP-ს თანათავმჯდომარე ქვეყანაა, ხოლო 2017 წლიდან ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდება, ამიტომ სამიტი მომავალ წელს თბილისში ჩატარდება.

საფრანგეთში ვიზიტის მსვლელობისას მარგველაშვილი შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

„ღია მმართველობა“ საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ოფიციალურად 2011 წლის 20 სექტემბერს ღია სახელმწიფოს იდეალების — ადმინისტრაციული პროფესიონალიზმის, ღია სამოქალაქო კონტროლის განმტკიცების მიზნით დაფუძნდა.

ორგანიზაციის შექმნაში რვა ქვეყანა მონაწილეობდა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, ნორვეგია, ინდონეზია, მექსიკა, ფილიპინები, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ორგანიზაციის პირველი სხდომა ბრაზილიაში 2012 წლის აპრილში ჩატარდა.

2016 წლის მდგომარეობით, ორგანიზაცია 69 ქვეყანას აერთიანებს.

ყველა ახალი ამბავი
0