თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირი საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმირებისთვის 30 მლნ ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის მეთაური შეთანხმების დეტალებზე საუბარს პარასკევს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ იანოშ ჰერმანთან ერთობლივ ბრიფინგზე გეგმავს.
„ეს ხაზს უსვამს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში ევროპული ტიპის მმართველობითი ინსტიტუციების ჩამოყალიბება. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევა მოგვიხდება ამ მიმართულებით, რათა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
2014 წელს ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.