თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ურუგვაიში ვიზიტის მსვლელობისას ამ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას 24 ივნისს მოაწერა ხელი.
”ჩემს კოლეგებთან ერთად დეტალურად განვიხილეთ ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ასევე ხელი მოვაწერეთ ძალზე მნიშვნელოვან შეთანხმებას უვიზო მიმოსვლის შესახებ, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ტურიზმის, ჩვენ ქვეყნებს შორის ბიზნესის განვითარებას და ხალხთა შორის ურთიერთობებს”, — განაცხადა ბერუჩაშვილმა.
ბერუჩაშვილმა ურუგვაიში შეხვედრები გამართა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტთან რაულ ფერნანდო სენდიკთან (Raul Fernando Sendic) და საგარეო საქმეთა მინისტრთან როდოლფო ნინ ნოვოასთან (Rodolfo Nin Novoa).
ლათინურ ამერიკაში ტურნეს ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე იმყოფებოდა არგენტინაში, სადაც ასევე მოეწერა ხელი შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შესახებ. როგორც მინისტრმა განმარტა, დოკუმენტი ძალაში შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ შევა.
ხუთშაბათს დაიწყება ბერუჩაშვილის ვიზიტი ჩილეში, რომელიც 26 ივნისამდე გაგრძელდება.