თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის „ოკუპაცია“ გრძელდება

© Sputnik / Levan Avlabreliთსუ
თსუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
„აუდიტორია 115“-ის წევრები თსუ-ის მე-6 კორპუსში საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან მორიგ შეხვედრამდე დარჩებიან, რომლებმაც სტუდენტებს უნივერსიტეტში რეფორმების გატარების პირობა მისცეს.

თბილისი, 6 დეკემბერი— Sputnik. სტუდენტურმა ორგანიზაცია „აუდიტორია 115“-მა, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი დაახლოებით ორი კვირაა პიკეტირებული აქვს, პიკეტირების კიდევ ორი კვირით გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

უკმაყოფილო სტუდენტებმა ამ პერიოდში ერთმანეთში ძირითადი მოთხოვნები უნდა შეათანხმონ და თსუ-ში რეფორმების განხორციელების შესახებ შედგენილი კითხვარი შეავსონ, რომელიც მათ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წარმომადგენლებმა გადასცეს. შეხვედრა, რომელშიც კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მონაწილეობდა, გუშინ გაიმართა.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
თსუ-ს თვითმმართველობა და „აუდიტორია 115" განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდებიან

„განათლების კომიტეტმა კითხვარი გადმოგვცა. მას უახლოეს მომავალში შევავსებთ და კომიტეტს გადავუგზავნით. იმედია, შემდეგ შეხვედრაზე მაინც მივიღებთ ცვლილებების თაობაზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“, — განაცხადა „აუდიტორია 115“-ის წევრმა გიორგი არობელაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

სტუდენტები იმის დოკუმენტურ დადასტურებას ელოდებიან, რომ ხელისუფლება თსუ-ში რეფორმების გასატარებლად მზადაა.

„ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ კონსტრუქტიულ დიალოგს, ვაღიარებთ, რომ კომიტეტის მხრიდან კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით კარგი განწყობა შეინიშნება. თუმცა, ჩვენ ცვლილებების დაწყების ოფიციალური დადასტურება, ოფიციალური დოკუმენტი გვჭირდება“, — განაცხადა „აუდიტორია 115“-ის სხვა წარმომადგენელმა გიორგი ჯავახაძემ.

მარიამ ჯაშმა სტუდენტებს მხარდაჭერა აღუთქვა.

„მე აბსოლუტურად ვიზიარებ მოთხოვნას იმის შესახებ, რომ გარანტირებული უნდა იყოს სტუდენტების თანაბარი უფლება როგორც ფაკულტეტის საბჭოებში არჩევის წესთან დაკავშირებით, ისე ფინანსური რესურსების წვდომასთან დაკავშირებით. პროცესი, რომელსაც მე ვთავაზობ დღეს სტუდენტებს, არ იძლევა პიკეტირების გაგრძელების საფუძველს“, — აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

თსუ - Sputnik საქართველო
თსუ-ის სამედიცინო ფაკულტეტზე უცხოელ სტუდენტთა უმრავლესობა ერაყელია

„აუდიტორია 115“-მა, რომელიც უნივერსიტეტში რეფორმების გატარებას მოითხოვს, უნივერსიტეტის მთელი მე-6 კორპუსის პიკეტირება 24 ნოემბერს, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დაიწყო. მეორე დღეს უკმაყოფილო სტუდენტებმა უნივერსიტეტის 13-დან 9 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის ჩაშლა შეძლეს, მაგრამ არჩევნები მაინც ჩატარებულად ჩაითვალა. თვითმმართველობის შემადგენლობაში 140 წევრია.

აღნიშნული სტუდენტური გაერთიანება სტუდენტური თვითმმართველობის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მის რეფორმას მოითხოვს. უკმაყოფილო სტუდენტები ასევე ითხოვენ ფაკულტეტის საბჭოების, აკადემიური საბჭოსა და სასწავლებლის სენატის არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარებას. ამჟამინდელი სისტემის მიხედვით, ფაკულტეტების საბჭოებში შედიან თვითმმართველობაში არჩეული ის წევრები, რომლებმაც არჩევნებზე უკეთესი შედეგი აჩვენეს.

ყველა ახალი ამბავი
0