თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი შალვა ცისკარაშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
შალვა ცისკარაშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას 2017 წლის განმავლობაში შეასრულებს. ასევე ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტებად აირჩიეს შვეიცარიის, ეგვიპტისა და ერაყის წარმომადგენლები. ისინი მონაწილეობას მიიღებენ საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხების შემუშავებაში, ასევე უხელმძღვანელებენ ადამიანის უფლებათა საბჭოს ცალკეული სხდომების ჩატარებას.
საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად პირველად 2015 წლის ოქტომბერში აირჩიეს სამი წლის ვადით (2016-2018).
ადამიანის უფლებათა საბჭო გაეროს სისტემის სამთავრობოთაშორისი ორგანოა. მის შემადგენლობაში შედის 47 სახელმწიფო, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის წახალისებასა და დაცვაზე.
შალვა ცისკარაშვილი 1973 წლის 13 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2000-2001 წლებში მილანის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის კურსი მოისმინა.
სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე გაეროში საქართველოს წარმომადგენლობაში.
2012 წლის მაისიდან ცისკარაშვილი გაეროს ჟენევის წარმომადგენლობასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია.
2014 წელს ცისკარაშვილს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიენიჭა.
შალვა ცისკარაშვილი ფლობს ინგლისურ, იტალიურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.