თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის პოლკოვნიკი დავით ნიკოლაიშვილი ქვეყნის სასაზღვრო პოლიციის უფროსად დანიშნა, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.
საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნოემბრის ბოლოს ზურაბ გამეზარდაშვილმა თანამდებობის საკუთარი სურვილით დატოვების შესახებ პატაკი დაწერა.
„საზღვარს ესაჭიროება ახალი სისხლი და, დარწმუნებული ვარ, ბატონი დავითი ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ეს მიმართულება… დღისა და ღამის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შემაწუხოთ, მომაწოდოთ ინფორმაცია, იდეები, აზრები. დავსხდეთ, ერთად ვიმსჯელოთ, თუ როგორ განვვითარდეთ, სად მოვიძიოთ თანხები, რა მიმართულებით დავხარჯოთ და ასე შემდეგ“, — განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა დავით ნიკოლაიშვილის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების წინაშე წარდგენისას.
მღებრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სასაზღვრო პოლიცია დღემდე ნაწილობრივ მოძველებული საბჭოთა მოდელით მუშაობს, რომელიც უნდა გაუქმდეს და მთლიანად თანამედროვე ევროპულ მოდელზე გადავიდეს.
„სახელმწიფო საზღვრის დაცვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ თანამდებობის დაკავება ჩემთვის უაღრესად საპასუხისმგებლოა. მთელ ჩემს პროფესიულ გამოცდილებასა და ენერგიას იმისკენ მივმართავ, რომ განხორციელდეს დაგეგმილი რეფორმები და სასაზღვრო პოლიცია ჩამოყალიბდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, წარმატებულ სტრუქტურად“, — განაცხადა დავით ნიკოლაიშვილმა.
დავით ნიკოლაიშვილი 1979 წლის ივლისში დაიბადა. 2000 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოლოგიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი. 2002-2003 წლებში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში. პარალელურად ნიკოლაიშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 2005 წელს დაამთავრა.
ძალოვან სტრუქტურებში მუშაობა ნიკოლაიშვილმა 2000 წელს დაიწყო. ის დიდი ხნის განმავლობაში შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მუშაობდა.
2015 წელს ნიკოლაიშვილი შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორად დაინიშნა და დღემდე ამ თანამდებობაზე მუშაობდა.