ადვოკატი: ზურაბ ჟვანია მხუთავი აირით გაიგუდა

© AP Photo / Shakh Aivazovზურაბ ჟვანია
ზურაბ ჟვანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ აღიარა, რომ სასამართლო–სამედიცინო ექსპერტი, რომელსაც ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ცხედრების დათვალიერებისას გამოჩენილ სამსახურებრივ გულგრილობაში ედებოდა ბრალი, უდანაშაულოა.

თბილისი, 5 დეკემბერი– Sputnik. ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია გამართლდა – ისინი მხუთავი აირით გაიგუდნენ, აცხადებს ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმის ფიგურანტების ადვოკატი ბექა ბასილაია.

ეს განცხადება ადვოკატმა მას შემდეგ გააკეთა, რაც უმაღლესმა სასამართლომ ექსპერტ ლევან ჩაჩუას მიმართ მთავარი პროკურატურის საჩივრის განხილვაზე უარი განაცხადა. ლევან ჩაჩუა ჟვანიას საქმეში გადიოდა და ის ქვედა ინსტანციების სასამართლომ გაამართლა.

გოგლა ჟვანია - Sputnik საქართველო
გოგლა ჟვანია: ზურაბ ჟვანიას საქმეზე ძალიან მალე ველოდები რეალურ შედეგს

„დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ პროკურატურას სამხარაულის ბიუროს სხვა ექსპერტების ჩართვის საშუალებით ექსპერტ ჩაჩუას საქმის გაყალბება უნდოდა. მათ რაღაცნაირად უნდოდათ იმის გამოვლენა, რომ ზურაბ ჟვანია მხუთავი აირით არ გაგუდულა. მათ თავისი ბნელი ვერსიის გამყარება სურდათ,  თითქოს ზურაბ ჟვანია ვიღაცამ მოკლა… ჩაჩუას გამართლება იმას ნიშნავს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეს წერტილი დაესვა“, — განაცხადა ბასილაიამ.

ლევან ჩაჩუა 2014 წელს დააპატიმრეს, როდესაც საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ყოფილი პრემიერის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია ეჭვქვეშ დააყენა და საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო.

ლევან ჩაჩუა გულგრილობაში დაადანაშაულეს. გამოძიების მტკიცებით, ჩაჩუამ ჟვანიას და იუსუპოვის ცხედრების ექსპერტიზა არაჯეროვნად ჩაატარა.

ჩაჩუას საქმეში ერთ-ერთ მტკიცებულებად Youtube-ზე ანონიმური მომხმარებლის მიერ ატვირთული ვიდეო იყო სახელწოდებით Saakashvili killed Mr. zurab zhvania. ის 2014 წლის 19 მარტს მომხმარებელმა hakim pasha-მ ატვირთა, რომელიც Youtube-ზე ერთი დღით ადრე დარეგისტრირდა.

პროკურორმა რევაზ ნადოიმ მაშინ განაცხადა, რომ ვიდეო თურქეთიდან აიტვირთა. ვიდეოზე ჟვანიასა და იუსუპოვის სხეულების ფოტოებია, რომლებსაც ძალადობრივი სიკვდილის კვალი ამჩნევიათ.

2015 წლის მარტში თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჩაჩუა უდანაშაულოდ სცნო. მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.

საქართველოს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ გააკეთეს. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ ხელისუფლებას გარდაცვლილის სახელით სპეკულაციაში დასდო ბრალი.

ზურაბ ჟვანია - Sputnik საქართველო
გოგორიშვილი: ჟვანიას მეუღლე ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების წინააღმდეგი იყო

„დადგინდა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ექსპერტი ლევან ჩაჩუა იყო უდანაშაულო და მას როგორი დასკვნაც ჰქონდა შედგენილი და როგორი ექსპერტიზაც ჰქონდა ჩატარებული, ეს იყო სწორი. ივანიშვილის მართლმსაჯულების სისტემამაც კი ვერ მოახერხა სიმართლეს დაპირისპირებოდა და იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უსაფუძვლოდ და სამარცხვინოდ სპეკულირებდა ყოფილი პრემიერის გარდაცვალებით“, — განაცხადა კახიძემ.

საქართველოს მთავარი პროკურატურა კი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზების გამოძიებას აგრძელებს. გარდაცვლილი პრემიერის ძმა გოგლა ჟვანია აცხადებს, რომ მისთვის მთავარი ის კი არ არის, რომ ჩაჩუა გაამართლეს, არამედ ჟვანიას სიკვდილის ნამდვილი მიზეზების დადგენა.

ექსპერტის გარდა, ჟვანიას და იუსუპოვის საქმეში ყოფილი პრემიერის დაცვის წევრები მიხეილ ძაძამია და კობა ხარშილაძე ფიგურირებდნენ. მათაც სამსახურეობრივ გულგრილობაში ედებოდათ ბრალი.

გასული წლის აგვისტოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ისინი დამნაშავედ სცნო, თუმცა მოსამართლემ მათ პატიმრობის მინიმალური ვადა მიუსაჯა და ამჟამად ხარშილაძე და ძაძამია თავისუფლები არიან.

ჩაჩუას, ხარშილაძისა და ძაძამიას გარდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში ფიგურირებენ ასევე ყოფილი პროკურორი მამუკა გვარამია, რომელიც საქმეს თავდაპირველად იძიებდა, და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დირექტორის ყოფილი მოადგილე როსტომ ლაზარია.

გასული წლის თებერვალში თბილისის სასამართლომ ისინი გაათავისუფლა 3 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან რაულ იუსუპოვთან ერთად კონსპირაციულ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

მაშინვე გაკეთდა განცხადება, რომ ჟვანიასა და იუსუპოვის ტრაგიკული გარდაცვალების მიზეზი გამათბობელი ხელსაწყოდან გაჟონილი ნახშირორჟანგით მოწამვლა გახდა, თუმცა მაშინდელი ხელისუფლების ბევრი მოწინააღმდეგე დღემდე არ ეთანხმება ოფიციალურ ვერსიას.

ყველა ახალი ამბავი
0