გოგლა ჟვანია: ზურაბ ჟვანიას საქმეზე ძალიან მალე ველოდები რეალურ შედეგს

გოგლა ჟვანია
გოგლა ჟვანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გოგლა ჟვანია მისი ძმის ზურაბ ჟვანიას საქმეზე სიახლეებს უახლოეს მომავალში ელოდება. ამის შესახებ ჟვანია Sputnik-ს ესაუბრა და აქვე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაჯამა.

გოგლა ჟვანია: სიახლე ჯერჯერობით არ არის. თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს პროცესი, რომლის შედეგადაც, მაქვს მოლოდინი, რომ უნდა გამოიკვეთოს მნიშვნელოვანი სიახლე. ეს პროცესი ცოტა უფრო ხანგრძლივი გამოდგა, ვიდრე ვფიქრობდი, მაგრამ ძალიან მალე ველოდები რეალურ შედეგს. გამოძიებასთან მუდმივ კონტაქტში ვარ და ვიღებ ინფორმაციას. 

- ხელისუფლებას გახმაურებული საქმეების გამოძიების გაჭიანურებას საყვედურობენ. თქვენ თუ გაქვთ ამ მიმართულებით შენიშვნები პროკურატურასთან?

— ემოციურად, ბუნებრივია, შენიშვნები მაქვს, როგორც ჩემ საქმეზე, ისე სხვა საქმეებზე. ჩვენ გვინდა, რომ შედეგები უფრო მალე დადგეს, მაგრამ მტკიცებულებების შეგროვება საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ხშირად შეიძლება ხვდებოდე ლოგიკურად, რომ ამ ადამიანმა კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ეს უნდა დამტკიცდეს. 

- უნდა გახდეს თუ არა ცილისწამება დასჯადი?

— ცილისწამება ძალიან საინტერესო თემაა, რადგან ხანდახან ყოველგვარ ზღვარს გადადის ეს უსაფუძვლო ბრალდებები და არასწორი ინფორმაცია, რასაც ავრცელებენ ამა თუ იმ ადამიანის მიმართ. ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ბერკეტი, რომლითაც თავს დაიცავენ. თუმცა, თემა არის საკმაოდ ფაქიზი. მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავვარდეთ. თუ შესაძლებელი იქნება მოქნილი მექანიზმის ნახვა, ამის მომხრე ვიქნები. 

- ხედავთ თუ არა კოალიციის დაშლის საფრთხეს?

— ჯერჯერობით კოალიციის დაშლის საფრთხეს ვერ ვხედავ, თუმცა გამორიცხული არაფერია. ჯერჯერობით კოალიცია საკმაოდ მყარი და ერთიანია. 

- მოსალოდნელია თუ არა ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში და ასევე საჭიროა თუ არა ახალი სახეების გამოჩენა კოალიციის რიგებში?

— მინისტრთა კაბინეტის ფორმირება პრემიერის გადასაწყვეტია. სიმართლე გითხრათ, დიდი იმედით შევყურებ ბატონი გიორგი კვირიკაშვილის საქმიაობას. 

რაც შეეხება ახალ სახეებს პარლამენტში, ეს აუცილებელია. 2012 წელს საარჩევნო სია ჩამოყალიბდა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსები საერთოდ არ არიან. ვითარება იყო ისეთი, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოსულიყო და ებრძოლა იმ ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში იყო. ახლა სხვა ვითარებაა. ბრძოლა დასრულებულია და ახლა აღმშენებლობა გვჭირდება. ბუნებრივია, ახალი ადამიანების შემოსვლა კოალიციაში საჭიროა. საჭიროა უფრო მეტი ადამიანი, რომელსაც კანონშემოქმედების კუთხით მეტი შესაძლებლობები გააჩნიათ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მეტ წარმატებას მივაღწიოთ. 

თენგიზ ჩოჩუა
ყველა ახალი ამბავი
0